საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

ტრაგიკულად დაიღუპა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი ლორიკ მარშანია ამოსაბეჭდი ვერსია

2010 წლის 13 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა "მშვიდობიანი აფხაზეთის" კოორდინატორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ლორიკ მარშანია.

აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ლორიკ მარშანია დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, ეთნიკურად აფხაზს არაერთგზის ჟენევის მოლაპარაკებებში მიუღია მონაწილეობა, სადაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ინტერესებს იცავდა.

ბატონი ლორიკი თვლიდა: "ღმერთმა და ბედმა დაგვიწესა, რომ ვიცხოვროთ ერთად - ერთ მიწაზე, ერთი ცის ქვეშ, მშვიდობიანად, მეგობრობაში, ნათესაურ სიყვარულში" და ამის აღსადგენად ყველაფერს აკეთებდა.

ბატონ ლორიკ მარშანიას ეკუთვნის სიტყვები: "მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება".

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით, გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეიქმნა დამკრძალავი სახელმწიფო კომისია, რომელშიც შედიან: თემურ იაკობაშვილი, კობა სუბელიანი, გიორგი ბარამია, დავით ალავიძე, გია გვაზავა, სვეტლანა ქეცბა, გიორგი ანჩაბაძე, ზურაბ ერქვანია, გივი ანჩაბაძე, ზურაბ ჩიქოვანი, ოთარ ჟორდანია.

ლორიკ მარშანიას დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური