პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ლიტვაში

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე 2010 წლის 2-3 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს და ლიტვის პრემიერ-მინისტრს ანდრიუს კუბილიუსის შეხვდა.

"ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობა უმაღლეს დონეზე ვითარდება. თუმცა, ურთიერთობის უფრო გაღრმავებას ვისურვებდით. ამიტომაც, კერძო სექტორთან საინტერესო შეხვედრები გვექნება, ჩვენ მათ საქართველოს ეკონომიკურ რეალობას გავაცნობთ და ქვეყანაში მოვიწვევთ, რათა მათი ბიზნესი საქართველოში გაგრძელდეს.

ლიტვა პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ქართული ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ დოკუმენტი მიიღო. ახლა, ეს სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო არის. ამის გამო მადლობა კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ორი წლის წინ გაფორმდა - მთავარი დოკუმენტია. თუმცა, რუსეთის მხრიდან არცერთი პუნქტი არ სრულდება. პირიქით, რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზებს აშენებს, "- განაცხადა ნიკა გილაურმა ლიტვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და ლიტვის პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი

ლიტვაში ყოფნისას ნიკა გილაურმა საქართველო-ლიტვის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიტვიდან ხორბლის ყიდვის საშუალება არის.

"კონკრეტულ დეტალებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია გაარკვევს. ხორბლის ბაზრის დივერსიფიკაცია,რომელიც ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მიღწეულია. საქართველოში იმაზე მეტი ხორბალი შემოვა, ვიდრე ქვეყანას სჭირდება.

ბათუმი არ არის დიდი ქალაქი, მაგრამ მე არ მახსენდება ასეთივე ზომის ქალაქი ევროპაში, სადაც ერთდროულად ხუთი უმაღლესი ხარისხის სასტუმრო შენდება: შერატონი,რედისონი,კემპინსკი,ჰილტონი და ჰაიატი. ერთი უკვე დასრულებულია, ორს წელს დაასრულებენ და დანარჩენს მომდევნო წლის ბოლომდე. ბათუმი ბევრ ქართველ და უცხოელ ტურისტს იზიდავს. ბათუმში, სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ისვენებენ, არ ჩხუბობენ და ღვინოს სვამენ.

ბათუმში ბევრი კარგი სასტუმრო, საუკეთესო ღამის კლუბები, რესტორნები, ქართული სტუმართმასპინძლობა და ქართული ღვინო სტუმრებს ელოდება.

აიღეთ ეს ყველაფერი ერთად და მითხარით არის თუ არა ეს საკმარისი წარმატების მისაღწევად," - განაცხადა ბიზნესფორუმზე ნიკა გილაურმა.

აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვის სეიმის თავმჯდომარეს ირენა დეგუტიენეს შეხვდა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური