საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №416

საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-9 ნაწილების საფუძველზე დამტკიცდეს:
ა) მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის არ იწვევს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას (დანართი N1);
ბ) საქონლის ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის შეზღუდულია და იწვევს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას (დანართი N2);
გ) მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება შესაძლებელია საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის (დანართი N3).

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის N101 დადგენილება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2010 წლის 29 დეკემბრის
N416 დადგენილებით

დანართი N1

მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის არ იწვევს ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას

1. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის მომსახურების მიწოდებისას ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსი არ უქმდება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ პუნქტის ,,დ.ა და ,,დ.ბ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებათა, ან ქვემოთ ჩამოთვლილ მომსახურებათა მიწოდების შემთხვევაში:
ა) ავტოტექნიკური მომსახურება;
ბ) სწრაფი კვების მომსახურება;
გ) საფოსტო მომსახურება;
დ) სამედიცინო მომსახურება;
ე) სარეკლამო მომსახურება;
ვ) ლაბორატორიული მომსახურება;
ზ) საპროექტო, დიზაინერული მომსახურება;
თ) საექსპედიტორო მომსახურება;
ი) სახანძრო მომსახურება;
კ) ექსპერტიზის მომსახურება.

2. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის ნებისმიერი სახის მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, გარდა N1 დანართის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მომსახურებებისა, საერთაშორისო საწარმოს სტატუსი არ გაუქმდება, თუ აღნიშნულ სახეობათა მომსახურების მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება საერთაშორისო საწარმოს (მისი არჩევით) წლიური ბრუნვის ან ხარჯის 2%-ს.

3. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, აგრეთვე საერთაშორისო საწარმო ვალდებულნი არიან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის `დ ქვეპუნქტითა და მე-9 ნაწილით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის/მიღების შესახებ აცნობონ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2010 წლის 29 დეკემბრის
N416 დადგენილებით

დანართი N2

საქონლის ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის შეზღუდულია და იწვევს ამ საერთაშორისო
საწარმოს სტატუსის გაუქმებას

1. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის ქვემოთ ჩამოთვლილი სახის საქონლის მიწოდება შეზღუდულია და ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსი უქმდება შემდეგი საქონლის მიწოდების შემთხვევაში:
ა) მანგანუმის მადნის წიდა და მანგანუმის მადნის კუდები;
ბ) ოქრო _ დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით;
გ) კაკალი _ სხვა, ახალი ან გამხმარი;
დ) თხილი;
ე) შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი;
ვ) სპილენძის მადნები და კონცენტრატები;
ზ) სამკურნალო საშუალებები;
თ) ზეთოვან კულტურათა თესლის ან ნაყოფისაგან წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი;
ი) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

2. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის N2 დანართის პირველი პუნქტის ,,ა_,,ი ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი საქონლის მიწოდების შემთხვევაში საერთაშორისო საწარმოს სტატუსი არ გაუქმდება, თუ აღნიშნულ სახეობათა საქონლის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება საერთაშორისო საწარმოს (მისი არჩევით) წლიური ბრუნვის ან ხარჯის 2%-ს.

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2010 წლის 29 დეკემბრის
N416 დადგენილებით

დანართი N3

მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება შესაძლებელია საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის

საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს ნებისმიერი სახის მომსახურება.