საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1026

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და ზემო ომალოს რეაბილიტაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის N225 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და ზემო ომალოს რეაბილიტაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის N225 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მისთვის 2008-2011 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით უზრუნველყოს:
ა) 2008-2011 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის არსებული შენობის სარეაბილიტაციო და ახალი შენობის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭირო შესყიდვის განხორციელება;
ბ) 2008 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მეორე ეტაპისათვის საჭირო ღონისძიებათა და ოთხი საცხოვრებელი სახლის (ლენა ნაგურაიძის საცხოვრებელი სახლი N1; რუბენ ბიღოიძის საცხოვრებელი სახლი N32; საცხოვრებელი სახლი N33 და ჟიგე ლუკოიძის საცხოვრებელი სახლი N50) სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.".

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური