საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 16 ივნისის მთავრობის სხდომა

დღეს, 2009 წლის 16 ივნისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 15 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მინისტრებს რამდენიმე საკითხზე ყურადღების გამახვილება სთხოვა.

,,სანამ დღევანდელ სხდომას დავიწყებდეთ, მინდა სტიქიის შედეგებზე ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, გასულ დღეებში ძლიერად წვიმდა, რამაც, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში წყალდიდობები გამოიწვია,'' - განაცხადა ნიკა გილაურმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გოგა ხაჩიძეს, სტიქიის შედეგად არსებული ვითარების შესახებ განმარტებების გაკეთება სთხოვა: ,,მინდა გარემოს დაცვის მინისტრს ვთხოვო წყალდიდობისგან გამოწვეულ ზარალზე ისაუბროს. რა კეთდება დაზარალებული მოსახლეობისთვის და რა არის კიდევ გასაკეთებელი''.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის საუბრის შემდგომ პრემიერ-მინისტრმა გოგა ხაჩიძეს არსებული პრობლემების უახლოეს პერიოდში აღმოფხვრა დაავალა. რის შემდგომ ნიკა გილაურმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ნიკა გვარამიას საზაფხულო არდადეგებზე სკოლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. აღნიშნულ საკითხზე საუბრის შემდგომ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სკოლების რეაბილიტაციისთვის ზაფხულის განმავლობაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შემოდგომასა და ზამთარში პრობლემები აღარ შეიქმნას. შემდეგ, ნიკა გლიაურმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ, ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.დავით ტყეშელაშვილის საუბრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გუშინ, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ სხდომასაც გამოეხმაურა, სადაც საქართველოში გაეროს მანდატის საკითხი განიხილებოდა. ,პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველა დიპლომატს და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოსადმი სრული მხარდაჭერისათვის. რუსეთის მოთხოვნა იყო, რომ გაეროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა და მხოლოდ ამის შემდეგ დარჩენილიყო იქ გაეროს მანდატით გაეროს წარმომადგენლობა. რაზეც საერთაშორისო საზოგადოებამ უარი თქვა და მხარი დაუჭირა საქართველოს პოზიციას. რის გამოც მინდა მათ მადლობა გადავუხადო,'' - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური