საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 24 მარტის მთავრობის სხდომა

24 მარტს გაიმართა მთავრობის სხდომა, დღის წესრიგში შეტანილი იყო 52 საკითხი.  დღის წესრიგი. 

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბჭოზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„მინდა კოლეგებს და საზოგადოებას, სასიხარულო ინფორმაცია მოგაწოდოთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოსთვის 750 მილიონ დოლარიანი რესურსი აქვს გამოყოფილი. სამ თვეში ერთხელ, საერთაშორისო სავალუტო ფონდში, საბჭოს სხდომა ხორციელდება და საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ფასდება. გუშინ, სწორედ ასეთი საბჭო ჩატარდა, სადაც საქართველოს ეკონომიკა დადებითად იქნა შეფასებული. ჩვენ ყველა პარამეტრი დავაკმაყოფილეთ, როგორც ფისკალური, ისე მონეტარული. შესაბამისად, ეს პროგრამა წარმატებული იქნება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რიგ ქვეყნებს უარი უთხრა პროგრამის გაგრძელებაზე, საქართველო ამ შემთხვევაში გამონაკლისია და ამ პროგრამის შესაბამისად თანხების ათვისებაც გაგრძელდება.

,,შემდეგი ტრანში 200 მილიონ დოლარიანი იქნება, ამაზე ასევე დამოკიდებული იყო გარკვეული საგრანტო პროგრამები ევრო კომისიასთან მიმართებაში. მინდა მადლობა გადავუხადო, როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე ეროვნულ ბანკს, რომლებმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად ძალიან კარგად იმუშავეს. სამივე მხარეს მინდა ვთხოვო, საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. გუშინდელი დღე მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ქართული ეკონომიკის ფონდის საბჭოს დადებით შეფასებას, ძალიან მნიშვნელოვნად უყურებდნენ როგორც ინვესტორები, ასევე ქართველი ბიზნესმენები. მინდა ყველას მოგილოცოთ ჩვენი ეკონომიკის წარმატება,'' - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური