პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ვალდის დომბროვსკი2009 წლის 14-15 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ნიკა გილაური ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, ანდრუს ანსიპს შეხვდა.

"ესტონეთი, საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანაა როგორც ევროპაში, ასევე ევროკომისიაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. გარდა ამისა, ესტონეთი ყოველთის იყო ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი.

ვიზის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ევროპასთან ბოლო ეტაპს ვიწყებთ. უახლოეს მომავალში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ, რისთვისაც ყველა ქვეყნის მხარდაჭერა გვჭირდება," - აღნიშნა ნიკა გილაურმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართელოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ენე ერგმას და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თომას ჰენდრიკ ილვს შეხვდა. როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ესტონეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს და იმედოვნებს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით გადაწყდება.

როგორც ნიკა გილაურმა განაცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მთავარი აქცენტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე გაკეთდა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტალინში გამართულ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. აგრეთვე, ნიკა გილაურმა ესტონეთის ბიზნეს სკოლის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა, სადაც საქართველოში გატარებულ რეფორმებს, რუსულ ინტერვენციას და რუსული აგრესიის შედეგად წარმოქმნილ სირთულეებს შეეხო.

ესტონეთიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

16 სექტემბერს, რიგაში ნიკა გილაური ლატვიის პრემიერ-მინისტრს, ვალდის დომბრივსკისს შეხვდა. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, საქართველო-ლატვიის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სესიის გახსნას დაესწრო. აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო, ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმში.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვალდას ზალტერს შეხვდა.

"ვისაუბრეთ, როგორც საქართველო ევროკავშირის, ასევე საქართველო ლატვიის ურთიერთობაზე. აგრეთვე, ბიზნეს ფორუმშიც მივიღეთ მონაწილეობა. გარდა ამისა,პირველი მთავრობათაშორისი კომისია ჩატარდა,რომელზეც მრავალი პრობლემა იქნა განხილული. იმედი მაქვს, რომ ქართველი და ლატვიელი ბიზნესმენები საერთოს აუცილებლად გამონახავენ," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური