პრემიერ–მინისტრის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფებოდა, სადაც 2009 წლის 13-17 მაისს ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მმართველთა ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

ლონდონში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის პარლამენტის წევრს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელს ბრიუს ჯორჯს (Bruce George) შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრეს.

"ძირითადად, მაინც აღელვებდათ ურთიერთობა რუსეთთან მიმართებაში. ძირითადი განხილვის თემა დიდ ბრიტანეთთან ეს არის - თუ რა მდგომარეობაა ახლა რუსეთთან დაკავშირებით და მათ მიერ რა ნაბიჯები იდგმება საქართველოსთან მიმართებაში. პარლამენტში, დღევანდელი ჩვენი განხილვა უფრო საერთაშორისო კუთხეს ეხებოდა, ვიდრე შიდაპოლიტიკურ ასპარეზს. ჩვენ გვაქვს, დიდი ბრიტანეთის სრული მხარდაჭერა რუსეთთან ურთიერთობებში. ეს ეხება როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოში, ასევე სხვა - ბრიუსელის კონფერენციიდან გამომდინარე ფინანსურ მხარდაჭერას", - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საქმეთა მინისტრს ქეროლაინ ფლინთს შეხვდა. შეხვედრისას, ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხები განიხილეს. როგორც ევროპის საქმეთა მინისტრმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობით და მხარს უჭერს მას იმ სირთულეებში, რომელიც საქართველოს 2008 წლის ზაფხულს გადახდა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შეხვედრა რამდენიმე სხვადასხვა საკითხს შეეხო. "პირველი, ეს იყო ენერგეტიკული პროექტები, რომელიც ევროპისთვის და დიდი ბრიტანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ნაბუკო, თეთრი ნაკადი, რითაც საქართველო შეიძლება იყოს საკმაოდ კარგი პარტნიორი ევროპისთვის.

გარდა ამისა, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმხრივ ურთიერთობებზეც ვისაუბრეთ. ახლა, მოლაპარაკებებს ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ვაწარმოებთ. მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და სავარაუდოდ ორ თვეში ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

აგრეთვე ნიკა გილაური დაესწრო ლონდონის საგამოფენო ცენტრ "ექსელში" ღვინის ფესტივალის დახურვას, სადაც წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი ბანკ EBRD-ის ხელმძღვანელობას შეხვდა. აგრეთვე ნიკა გილაურმა მონაწილეობა მიიღო ლონდონის უდიდეს კვლევით ცენტრში "Chatham Hous"-ში გამართულ შეხვედრაში სახელწოდებით "საქართველოს განვითარება და მომავლის პერსპექტივები".

საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა, ენერგეტიკული პროექტები, მათ შორის ნაბუკოს პროექტი იყო. " საქართველო, ამ პროექტის განხორციელებაში დიდ როლს ითამაშებს. რუსეთი, ბაქო-ჯეიჰანის პროექტზეც ამბობდა, რომ მისი განხორციელებისთვის რესურსები საკმარისი არ იყო. ნაბუქო ძალიან რეალური პროექტია, რადგან გარდა აზერბაიჯანული გაზისა, ის თურქული და ირანული გაზით შეივსება, რაც ევროპას საშუალებას მისცემს რუსეთისგან რეალური ენერგოდამოუკიდებლობა მოიპოვოს," - განაცხადა ნიკა გილაურმა, Chatham House-ში შეხვედრაზე.

ბრიტანელმა ექსპერტებმა, ნაბუკოს პროექტის რეალურობას გაუსვეს ხაზი და განაცხადეს, რომ მისი განხორციელების შემდეგ, ევროპის სახელმწიფოები ბუნებრივი აირის რესურსით უზრუნველყოფილნი იქნებიან. აგრეთვე, ბრიტანელი ექსპერტები თვლიან, რომ საქართველო, დემოკრატიის თვალსაზრისით, კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა.

პრემიერ-მინისტრმა, ინგლისელ ექსპერტებს და პოლიტოლოგებს ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნო. საუბარი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმების მიმდინარეობას შეეხო.

"ქვეყანაში მიმდინარე აქციები, დემოკრატიის ნაწილია და მიტინგები შესაძლოა მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში იმართებოდეს", - განაცხადა ნიკა გილაურმა.

აგრეთვე პრემიერ-მინისტრი ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის პრეზიდენტს, თომას მიროუის (Thomas Mirow) შეხვდა. შეხვედრისას კონკრეტული პროექტების განხორციელების, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილეს.

ბრიტანეთში ყოფნისას, პრემიერ-მინისტრი ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის სატრანსპორტო დეპარტამენტის დირექტორს, სიუ ბარეტის (Sue Barrett), ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის საფინანსო დაწესებულებების დირექტორს ნიკ ტესიმანსისა (Nick Tesseyman) და ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის დირექტორს კავკასიაში, მოლდოვაში და ბელარუსში პოლ-ჰენრი ფორესტერის (Paul-Henry Forestier) შეხვდა.

პრემიერ-მინიტრის პრესსამსახური