საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

საკადრო ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში ამოსაბეჭდი ვერსია

საკადრო ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაშიდღეს, 2009 წლის 21 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრმა ახალი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში და სასჯელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი წარადგინა.

"მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე დღის წინ დიმა შაშკინი გადაყვანილი იქნა განათლების მინისტრად. მინდა წარმოგიდგინოთ მისი შემცვლელი ხათუნა კალმახელიძე. მას უნივერსიტეტიც და მაგისტრატურაც დამთავრებული აქვს აშშ-ში. ერთი წელია რაც ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ხვალიდან ის შეუდგება თავის საქმეს. სასჯელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის რანგში. მოგეხსენებათ ამ სამინისტროს საფუძველი ჩაეყარა სულ, რაღაც რამოდენიმე თვის წინ, შაშკინი იყო პირველი მინისტრი. იმედი მაქვს ქ-ნ ხათუნა დაწყებულ საქმეს წარმატებულად გაართმევს თავს.

გარდა ამისა მინდა შემოგთავაზოთ მეორე ცვლილებაც. კერძოდ პრეზიდენტთან იქმნება ახალი არქეოლოგიური კვლევის ცენტრი. მის თავმჯდომარედ მინდა წარვადგინოთ იულონ გაგოშიძე, რომელიც ამ დარგის ერთერთი საუკეთესო სპეციალისტია. მის ადგილზე წარმოგიდენთ ახალ სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში ბ-ნ პაპუნა დავითაიას. პაპუნა პარლამენტის წევრია. ის ჯერ კიდევ კულტურის მინისტრის მოადგილეობის დროს მუშაობდა დიასპორის საკითხებზე. ის პარლამენტშიც ამ კომიტეტის წევრი იყო და საკმაოდ კარგად იცნობს ამ საკითხებს. მინდა მას წარმატებები ვუსურვო."

დასასრულს პრემიერ-მინისტრმა წარდგენილ მინისტრებს სთხოვა რამოდენიმე სიტყვით საკუთარი გეგმების შესახებ ესაუბრათ.

ხათუნა კალმახელიძე "პირველ რიგში მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს იმ ნდობისათვის, რომელიც მან გამომიცხადა. მე ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დამეკისრა ამ დანიშვნით. ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა რეფორმები დემოკრატიზაციის კუთხით. პენიტენციალური სისტემის რეფორმა არის ამ მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტული. მე ვაპირებ, რომ ვიხელმძღვანელო უმთავრესად ჰუმანიზმით და მთელი ძალებით შევუდგე ჩემს სამუშაოს იმისთვის, რომ მივაღწიოთ კიდევ უფრო მეტ პროგრესს."

პაპუნა დავითაიამ მადლობა გადაუხადა ნიკა გილაურს ნდობისათვის. ასევე ბ-ნ იულონს ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროს შექმნისათვის. "ჩვენ უნდა შევქმნათ ქმედითი მექანიზმები და ხელი შევუწყოთ თითოეული საზღვარგარეთ წასული ქართველის სურვილების ასრულებას, ჰქონდეთ ურთიერთობა და შეიტანონ საკუთარი წვლილი ისტორიული სამშობლოს განვითარებაში."

იუოლონ გაგოშიძე არქეოლოგია ისეთი საკითხია, რომელიც საქართველოს სახეს წარმოადგენს. ჩვენ კიდევ უფრო უკეთ ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით ქვეყანა საზღვარგარეთაც წარმოვაჩინოთ.

დღესვე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებს ახალი მინისტრი პაპუნა დავითაია წარუდგინა. ამის შემდეგ მოხდა სასჯელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის წარდგენაც. ნიკა გილაურმა აღნიშნული უწყებების თანამშრომლებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა .

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური