საკადრო ცვლილებები მთავრობაში ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გვარამიას ნაცვლად ახალი განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წარადგინა.

,,რამდენიმე თვის წინ, ნიკა გვარამიამ სურვილი გამოთქვა უცხოეთში სასწავლებლად წასვლასთან დაკავშირებით. ამ პერიოდის განმავლობაში განათლების მინისტრის პოსტზე მუშაობას, ნიკა ჩემი თხოვნით აგრძელებდა და საკმაოდ წარმატებულად.''

პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გვარამიას გაწეული სამუშაოსთვის და ჩატარებული რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა და მისი შემცვლელი, დიმიტრი შაშკინი წარადგინა.

"მინდა წარმოგიდგინოთ განათლების მინისტრის ახალი კანდიდატურა, დიმიტრი შაშკინი. ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა რომ როგორც საუკეთესო მენეჯმენტის, ასევე საუკეთესო დიალოგის წაყვანის გამოცდილება აქვს. მას საკმაოდ რთული სამინისტროს ხელმძღვანელობა მოუწევს. მინდა გითხრათ, რომ განათლების სამინისტრო, ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის. შესაბამისად მინდა მას წარმატება ვუსურვო, რადგან ძალიან რთული საქმე აქვს გასაკეთებელი.

განცხადების დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დიმიტრი შაშკინის შემცვლელს უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას. ამ ეტაპზე კი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობას დიმიტრი შაშკინის ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური