საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრესრელიზი

2009 წლის 2-5 მაისს ინდონეზიაში ტარდება აზიის განვითარების ბანკის მმართველი საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა. მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ჰარუჰიკო კუროდასთან და ბანკის მმართველი რგოლის წარმომადგენლებთან.

განიხილება, აღნიშნული ბანკის მიერ საქართველოსთვის 2008 წლის განმავლობაში აღმოჩენილი დახმარების (110 მილიონი აშშ დოლარი) მიმდინარეობა, აგრეთვე შედგება დეტალური განხილვა იმ მხარდაჭერისა, რომელსაც საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან 2009 წლის განმავლობაში მიიღებს. სავარაუდოდ, გაფორმდება ხელშეკრულებები, რის შედეგად საქართველო 2009 წლის განმავლობაში ჯამში, 208 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. ეს თანხა ძირითადად შეადგენს საბიუჯეტო დახმარებას და მუნიციპალური და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული დახმარება მეტწილად შეღავათიანი სესხებით შედგება, რაც საქართველოს ეკონომიკას ტვირთად არ დააწვება.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ საქართველო წელს პირველადაა არჩეული ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გაუძღვება მმართველთა საბჭოს შეხვედრის ერთ-ერთ სხდომას. სამთავრობო წრეების წარმომადგენლების გარდა წლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი საინვესტიციო წრეების წარმომადგენლები, წამყვანი ბანკების და საწარმოების ხელმძღვანელები. წლიური შეხვედრის ფორმატში დაგეგმილია საქართველოს პრეზენტაცია, რომელზეც შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს და უკანასკნელ წლებში განხორციელებულ რეფორმებს გააცნობენ.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური