საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მეღვინეებს და მევენახეებს შეხვდა

29 აგვისტოს შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მეღვინეობისა და მევენახეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს მოსალოდნელ რთველზე და მეღვინეობის დარგში არსებულ პრობლემებზე.

"წელს მეღვინეობის სექტორი რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ აგრესიას განიცდის, შესაბამისად ადეკვატურად უნდა შევხვდეთ რთველს. მთავრობა აბსოლუტურად მობილიზებული იქნება, იმისათვის, რომ რთველმა მაქსიმალურად წარმატებულად ჩაიაროს. რთველის წარმატებით ჩატარება საწინდარი იქნება ბევრი პრობლემის მოგვარებისა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას. სოფლის მეურნეობის მინისტრი რთველის მიმდინარეობის პროცესში ძირითადად კახეთსა და მევენახეობის სხვა რეგიონებში იქნება, მეც და სხვა მინისტრებიც მობილეზებულნი ვიქნებით, რათა ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხი უპრობლემოდ გადაწყდეს.

მე რამდენიმე დღის წინ კახეთში ვიმყოფებოდი და მინდა გითხრათ, რომ ყველა საფუძველი არსებობს საიმისოდ, რომ რთველი ჩავატაროთ წარმატებით და შემდეგ ვიზრუნოთ ქართული ღვინის პოზიციების სხვა ბაზრებზე განსამტკიცებლად.

რუსეთმა მარტის თვეში საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მაკროეკონომიკური ზიანი მიეყენებინა, მაგრამ არასწორი გათვლა გაკეთდა. პირველი 6 თვე მოლდოვამ მართლაც კატასტროფული მაკროეკონომიკური შედეგებით დაამთავრა. იგეგმებოდა, რომ საქართველოც ანალოგიური გზით წასულიყო, მაგარამ ვერ მივართვით. ახლა უკვე სხვა ამოცანები დგას დღის წესრიგში, რათა ყოველივე ამან არ გამოიწვიოს სოციალური და სხვა პრობლემები. მთავრობა მობილიზებული იქნება იმისათვის, რომ რთველი წელს წარმატებულად ჩატარდეს."

შეხვედრის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან კიდევ ერთხელ შეაჯამა მეღვინეებთან შეხვედრის შედეგები.

"მე დღეს შევაჯამე პოზიციები მევენახეობის და მეღვინეობის სექტორთან და დავრწმუნდი, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და კოორდინირებულად ვმოქმედებთ. რთველი წლეულს 2 კვირით ადრე დაიწყება და წელსაც, შარშანდელივით, კარგ მოსავალს ველოდებით. გადასამუშავებლად დაახლოებით 85 ათას ტონა ყურძნის მიღებას ველოდებით. აქედან დაახლოებით 35 ათასი ტონა იქნება გადამუშავებული ღვინოში. ჩვენ გვაქვს შემუშავებული ორი პროგრამა: დაახლოებით 25 ათასი ტონა გადამუშავდება საკონიაკე, უფრო სწორად, საბრენდე სპირტში. მთავრობის მიერ კერძო სტრუქტურებთან ერთად შემუშავებულია პროგრამა, რომელიც ჩვენი ხელშეწყობით მიმდინარეობს. თუმცა ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ საბაზრო მექანიზმების დარღვევისას ფასების ფორმირებაში სახელმწიფო მონაწილეობას არ მიიღებს.

გურჯაანში იხსნება წვენების ქარხანა და დაახლობით 25 ათასი ტონა ყურძენი წვენად გადამუშავდება.

ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მოსავალი მთლიანად დაბინავდეს. მთავრობა მაქსიმალურად იქნება მობილიზებული, რადგან ამ სექტორს ომი გამოუცხადეს და ჩვენც, შესაბამისად, ისე ვიმოქმედებთ, როგორც საბრძოლო მოქმედებებს შეეფერება."

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი