საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

საქართველო საუკეთესო რეფორმატორი ქვეყანაა

 

მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ 2006 წლის 6 სექტემბერს გამოაქვეყნა ამა წლის ,,Doing Business in 2007" კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, საქართველო №1 რეფორმატორ ქვეყნად გამოცხადდა. კვლევა დეტალურად სწავლობს მსოფლიოს 175 ქვეყანაში შექმნილ სამეწარმეო გარემოს და ამ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს (სამეწარმეო გარემოს გასაუმჯობესებლად).

რეფორმების ტემპების გარდა, აღნიშნული ორგანიზაცია აქვეყნებს მსოფლიო ბიზნესწრეებისთვის ბიზნესის წარმოებისათვის ყველაზე სასურველი ქვეყნების ნუსხას. საქართველომ გასული წლის 112-ე ადგილიდან წელს 37-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

წლეულს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მკვლევარების ყურადღების ცენტრში შემდეგი სფეროები მოექცა:

1. ბიზნესის რეგისტრაცია (დაწყება);

2. ლიცენზიები და ნებართვები;

3. შრომითი ურთიერთობები;

4. ქონების რეგისტრაცია;

5. ხელმისაწვდომობა საკრედიტო რესურსებზე;

6. ინვესტორთა დაცვა;

7. საზღვარგარეთის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობები;

8. საგადასახადო სისტემა;

9. ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები

10. ბიზნესის დახურვა (გაკოტრება და რეორგანიზაცია)

ამ საკითხის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და მსოფლიო ბანკის მენეჯერი კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით სიმეონ დიანკოვი დეტალურად პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ, რომელიც 11 სექტემბერს მთავრობის კანცელარიაში გაიმართება.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი