საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან

8 სექტემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მომსახურების სფეროში საქმიანობენ. ისაუბრეს პრეზიდენტის ინიციატივაზე პროფესიული გადამზადების პროგრამასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე და სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს უფროსი ლევან ფერაძე.

პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა წელს კერძო კომპანიებში 50 ათასი ადამიანის გადამზადებას ითვალისწინებს. გადამზადების პროცესი სამ თვეს გაგრძელდება და მას სახელმწიფო დააფინანსებს - თითოეულ ადამიანს ყოველთვიურად 150 ლარიან სტიპენდიას გადაუხდის. მთლიანობაში ამ პროგრამისთვის 24 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ზურაბ ნოღაიდელის თქმით, საქართველოში მომავალ წელს 1,5 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვა, რაც, თავისთავად, ბიზნესის გაფართოებას გამოიწვევს, ეს კი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს. ამიტომ მოგიწოდებთ, მოამზადოთ ადამიანები თქვენს სექტორში, რათა ისინი კარგ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ და მომავალში უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს დასაქმების საშუალება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი