საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

საფინანსო კორპორაციის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მსოფლიო ბანკის საფინანსო კორპორაციის წარმომადგენელს სიმეონ დიანკოვს (Simeon Djankov) და მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში როი სოუთვორთს (Roy Southworth) შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეაჯამა საფინანსო კორპორაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები: ,,Doing Business in 2007". კვლევის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში უპრეცედენტო ნახტომს აკეთებს - მთელ მსოფლიოში საუკეთესო რეფორმატორი ქვეყნების ათეულში პირველ ადგილზეა. საუკეთესო ათეულში აგრეთვე დასახელდნენ: რუმინეთი, მექსიკა, ჩინეთი და საფრანგეთი.

რეფორმების ტემპების გარდა, აღნიშნული ორგანიზაცია აქვეყნებს მსოფლიო ბიზნესწრეებისთვის ბიზნესის წარმოებისათვის ყველაზე სასურველი ქვეყნების ნუსხას. წლეულს ამ ნუსხაში საქართველომ 75 ადგილით წინ გადმოინაცვლა და გასული წლის 112-ე ადგილიდან 37-ე ადგილი დაიკავა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2 წლის წინათ საქართველო 137-ე ადგილზე იყო, ორი წლის განმავლობაში 100 ადგილით დავწინაურდით.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ილაპარაკა იმ რეფორმებზე, რომელთაც მაღალი შეფასება დაიმსახურეს. შარშანდელი კვლევის შედეგების მიხედვით მნიშვნელოვანი იყო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში. ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ გატარებულმა რეფორმამ განაპირობა უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება. „დღეს უკვე ნებისმიერი სახის უძრავი ქონების რეგისტრაცია შესაძლებელია 6 დღეში, ქონების 0,5 პროცენტის საფასურად. წელს საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ბიზნესის რეგისტრაციის თვალსაზრისით. ბიზნესის რეგისტრაციამ სასამართლოდან საგადასახადო სამსახურებში გადაინაცვლა. ამან საშუალება მოგვცა გაგვეერთიანებინა ბიზნესის და გადამხდელად რეგისტრაციის პროცედურები. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაციის ვადა 3 დღემდე შემცირდა, ხოლო საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა 2000 ლარიდან - 200 ლარამდე. ამ ცვლილებებით შესაძლებელი გახდა ბიზნესის დაწყება მნიშვნელოვნად მოკლე დროში, მცირე დანახარჯებით და კორუფციის მინიმალური რისკით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა: 2006 წლის 8 თვის მონაცემებით ახლადრეგისტრირებული საწარმოების რიცხვი დღეს აქტიურად მოქმედი საწარმოების თითქმის 45%-ს შეადგენს."

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგივე პრინციპი იყო დაცული ლიცენზიების და ნებართვების სფეროში რეფორმების დროს, რომელიც შარშან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ლიცენზიებზე და ნებართვებზე დაქვემდებარებულ საქმიანობათა რიცხვი 85%-ით შემცირდა; ლიცენზიის გასაცემად საჭირო დრო შემცირდა 30 დღემდე, ხოლო ნებართვის გასაცემად საჭირო დრო - 20 დღემდე; უფრო გამჭვირვალე გახდა ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემა და ის ღია აუქციონის წესით წარმოებს; შემოღებულია ერთი სარკმლის პრინციპი, რაც, ზურაბ ნოღაიდელის განმარტებით, ნიშნავს: „თუ სახელმწიფო სტრუქტურის მიერ პასუხი მიცემული არ არის, დუმილი თანხმობის ნიშანია, ანუ, ეს ნიშნავს თანხმობას. ჩვენი მიზანი იყო მინიმუმამდე შეგვემცირებინა საშუალო დონის სახელმწიფო ბიუროკრატიისა და ბიზნესის ურთიერთქმედება, შესაბამისად, აღმოგვეფხვრა კორუფცია და ბიზნესისთვის ბარიერების ხელოვნურად შექმნის საფუძვლები. შარშან საქართველოში ასევე განხორციელდა სტანდარტიზაციისა და ტექნიკური რეგულირების სისტემის რეფორმა. რეფორმის შედეგად აპრობირებულია ახალი კანონი ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ"; მივიღეთ ახალი შრომის კოდექსი, რომელიც შარშან საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ მთელ მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ სამ რეფორმას შორის არის დასახელებული. ახალი შრომის კოდექსი უპირატესობას საკონტრაქტო სისტემას ანიჭებს. შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველა პირობა სრულიად უნდა იქნეს ასახული კონტრაქტში."

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობასა და ფინანსური სექტორის რეფორმებზე: „ანალოგიური რეფორმა ადრე დაზღვევის სფეროში ჩავატარეთ, რის შემდეგაც საქართველოში მსოფლიოს უმსხვილესი სადაზღვეო კომპანია „AIG" შემოვიდა. გრძელდება პროცედურების გამარტივება საქართველოს ბაზარზე უცხოური მაღალრეიტინგული ბანკებისთვის შემოსასვლელად. შესაბამისად, ეკონომიკაზე გაცემული კრედიტები 2006 წლის განმავლობაში 85%-ით გაიზარდა."

ზურაბ ნოღაიდელმა აგრეთვე ილაპარაკა იმ რეფორმებზე, რომლებიც დაგეგმილია, მიმდინარეობს და თავის ასახვას მომავალი წლის ანგარიშში ჰპოვებს. ეს არის საბაჟო გადასახადების სისტემის რეფორმა, საბაჟო კოდექსის რეფორმა. ამ ნაწილში დღეს საქართველო მხოლოდ 86-ე ადგილზეა. აგრეთვე მნიშვნელოვანია სამართლებრივი რეფორმა, მათ შორის გაკოტრების ახალი კანონმდებლობა, რომელიც მიღებული იქნება წლის ბოლომდე. „უნდა დავსახოთ მომავალი წლის მნიშვნელოვანი გეგმები. შარშან, პრეზენტაციის დროს, ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანაა საქართველო იყოს რეფორმატორთა შორის და პირობა შესრულებულია - საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორია, ჩვენი ამოცანა იყო არა მარტო რეფორმატორებს შორის ყოფნა, არამედ იმ პირველ 50 ქვეყანას შორის ყოფნა, სადაც ბიზნესის კეთება ადვილია. ეს პირობაც შესრულებულია, ჩვენ 37-ე ადგილზე ვართ. უნდა შევქმნათ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ყველა პირობა, რაც, თავის მხრივ, შექმნის საქართველოში ეკონომიკის განვითარების და დასაქმების პირობებს".

სიმეონ დიანკოვმა ილაპარაკა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებმაც განაპირობეს საქართველოს წამყვანი პოზიციები მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ჩატარებულ კვლევების შედეგებში. სტუმარმა აღნიშნა, რომ 2006 წელს საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორია, რომელმაც, უკვე ზედიზედ მეორედ, განახორციელა რეფორმა კვლევისას შესწავლილი 10 სფეროდან 6 სფეროში. „მე ვიმედოვნებ, რომ 10 წლის შემდეგ საქართველოში მომიწვევენ არა იმის საპრეზენტაციოდ, რომ საქართველო გახლავთ მთელ მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა, არამედ იმ განცხადებისათვის, რომ საქართველო ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა."

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი