საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელმა შავი ზღვის კონფერენციის მუშაობა შეაჯამა

19-20 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" ჩატარდა შავი ზღვის კონფერენცია ,,საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდები: სამართლიანობა, თანასწორობა, ხელმისაწვდომობა."

კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. მასში მონაწილეობდნენ: დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ისრაელის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, სლოვენიის, შვედეთის, ბულგარეთის, მოლდოვას, თურქეთის, უკრაინის, სომხეთის, ხორვატიის, სერბიის, მონტენეგროს, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის განათლების სისტემის პირველი პირები, განათლების სფეროს ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორები.

კონფერენციის მთავარი მიზანი იყო მონაწილეთათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელის გაცნობა და არსებული გამოცდილების საერთაშორისო გამოცდილების ფონზე გაანალიზება. იმსჯელეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის აბიტურიენტთა შერჩევის ეფექტიანი, სამართლიანი მოდელისა და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე.

კონფერენციის მუშაობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა შეაჯამა და აღნიშნა: „ამ კონფერენციას საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის ეს იყო შესაძლებლობა გაგვეცნო მრავალი ქვეყნის გამოცდილება და მათთვის კი ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელი ხუთმა ქვეყანამ განიხილა, როგორც მათთვის მისაღები და გეგმავენ ანალოგიური რეფორმების თავიანთ ქვეყნებში გატარებას. ბუნებრივია, ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ პირველებმა ჩავატარეთ ეს რეფორმა და შეგვიძლია გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ.

ყველასათვის ცნობილია, რომ განათლების რეფორმა საქართველოში წარმატებული აღმოჩნდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ გაუნათლებელი საზოგადოება ვერ იქნება ეკონომიკურად განვითარებული, ამიტომაც არის განათლების სისტემა ჩვენთვის პრიორიტეტი. ყოველი მომდევნო წლის განმავლობაში გაიზრდება განათლების სისტემის დაფინანსება. განათლების დონის ამაღლება უზრუნველყოფს საქართველოს უფრო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, რაც ჩვენი მთავარი მიზანია".

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი