საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი უკრაინის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა

პარასკევს, 29 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მიიღო უკრაინის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი იგორ ლიხოვოი. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი გიორგი გაბაშვილი.

საუბარი ძირითადად საქართველოში უკრაინის წლის ჩატარების საკითხს შეეხო. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოში უკრაინის წლის გამართვა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საზეიმო ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება. უკრაინის მხარის განცხადებით, მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე აღმშენებლობის პროცესმა. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში პრიორიტეტულად მიმდინარეობს ტურიზმის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მისი აზრით, საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებები, ისევე როგორც გასულ წელს უკრაინაში საქართველოს წლის ფარგლებში გამართული ღონისძიებები, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტული ნაკადის გაზრდას.

აღინიშნა, რომ 2006 წლის ბოლომდე იგეგმება საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებათა მაღალი დონის წარმომადგენლების ორმხრივი ვიზიტები.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი