საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება

6 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ლექცია წაიკითხა კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების შესახებ, ხოლო იმავე საღამოს მონაწილეობა მიიღო ქართული ღვინის პრეზენტაციაში.

7 დეკემბერს ვიზიტის პროგრამა გაგრძელდა სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც ზურაბ ნოღაიდელმა წაიკითხა ლექცია საქართველოში რეფორმებისა და ჩვენი ქვეყნისათვის საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული გამოწვევების შესახებ. იმავე დღეს გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანთან ჯორჯ შულცთან.

საღამოს ქალაქ სან-ფრანცისკოში ზურაბ ნოღაიდელმა მონაწილეობა მიიღო ქართული ღვინის პრეზენტაციაში, რომელზეც მოწვეულები იყვნენ ღვინის ბიზნესში ჩართული აშშ-ს საქმიანი წრეების წარმომადგენლები.

8 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კემბრიჯში შეხვდა ჰარვარდის უნივერსიტეტის შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის პროგრამების ექსპერტებს, შემდეგ კენედის მართვის სკოლაში წაიკითხა ლექცია ,,სამი წელი ვარდების რევოლუციის შემდეგ - დემოკრატიული რეფორმები და რეგიონული გამოწვევები". ზურაბ ნოღაიდელს ლექცია ჰქონდა ასევე ევროაზიული კვლევების დევისის ცენტრში. ამ გამოსვლებმა ჰარვარდის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზეც ლექციების შემდეგ გამართული დისკუსიები მეტყველებდა.

9 დეკემბრიდან ვიზიტი ვაშინგტონში გაგრძელდა.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი