საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

11 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ვაშინგტონში გაგრძელდა. დედაქალაქის პროგრამა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრით გამოირჩა.

პრემიერ-მინისტრმა პირველი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ენერგეტიკის საკითხებზე სააგენტოთაშორისი მაღალი დონის ჯგუფთან გამართა. ამ შეხვედრაზე კოორდინატორის ფუნქციები ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ იტვირთა. შეხვედრაზე საქართველოს მიერ ენერგეტიკულ სფეროში მიღწეული პროგრესი და ევროპისა და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღის პირველ ნახევარში შეხვდა ამერიკის ,,ექსპორტ-იმპორტ ბანკის" თავმჯდომარეს ჯეიმს ლამბრაიტს. განიხილეს ბანკის შესაძლო მონაწილეობის საკითხები საქართველოს ენერგეტიკული სფეროს პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებაში.

ზურაბ ნოღაიდელი ასევე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, ელჩს სიუზან შვაბს. მხარეებმა განიხილეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, საქართველოს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალი წლის დასაწყისში თბილისში ჩამოვა ამერიკელი ექსპერტების ჯგუფი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხის შესასწავლად.

კაპიტოლიუმზე გამართული შეხვედრებიდან აღსანიშნავია შეხვედრა დემოკრატ კონგრესმენ რობერტ ვექსლერთან, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრია. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივები და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხები. კონგრესმენმა ვექსლერმა საქართველოს მთავრობის კურსის სრული მხარდაჭერა გამოხატა. ეს კურსი რეფორმების გაგრძელებას, დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციასა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს.

ზურაბ ნოღაიდელისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თვითმმართველობის, სამართლისა და ეკონომიკურ სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, აგრეთვე, სამხრეთ კავკასიისა და კერძოდ, საქართველოსთან მიმართებაში ევროპისა და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების პროცესს და ამ პროცესში ამერიკის მონაწილეობას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მხარი დაუჭირა ქვეყნის მიერ საშინაო და საგარეო არენაზე გატარებულ პოლიტიკურ კურსს და და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კვლავაც შეუძლია ამერიკის მეგობრობითა და მხარდაჭერით ისარგებლოს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შემდეგ პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში გაემგზავრა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწესთან უსაფრთხოების საკითხებში სტივენ ჰედლისთან საქართველოში რეფორმების მიმდინარეობა, აგრეთვე ენერგეტიკული უსაფრთხოების, კონფლიქტების მოწესრიგების საკითხები და ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივები განიხილა. სტივენ ჰედლიმ ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ინსტიტუციონალური რეფორმების გაღრმავებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგებისკენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ასევე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს რობერტ კიმმიტს. მათ განიხილეს საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა.
საღამოს ზურაბ ნოღაიდელმა სიტყვა წარმოთქვა ვაშინგტონში გამართულ ქართული ღვინის პრეზენტაციაზე, რომელზედაც მოწვეულები იყვნენ დიპლომატიური და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი