საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ამერიკაში ვიზიტის მერვე დღე

12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა კორპორაციის ათასწლეულის გამოწვევა (MCC) აღმასრულებელ დირექტორს ჯონ დანილოვიჩს. შეხვედრისას ხაზი გაესვა ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ამ ეტაპზე გულისხმობს სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციას, ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციას და რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. მხარეებმა ასევე განიხილეს ფონდის მიერ საქართველოსათვის მეორე კომპაქტის (დაფინანსების) გამოყოფის შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანი იყო ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრა კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილესთან დევიდ სამპსონთან. შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და ორ ქვეყნას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობაზე. შეხვედრის ბოლოს სამპსონმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია დეპარტამენტის სრული მხარდაჭერით ისარგებლოს.

დღის მეორე ნახევარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს რიჩარდ ჩეინის. შეხვედრაზე ზურაბ ნოღაიდელმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის როლის მნიშვნელობას მსოფლიოს ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგებისა და ამ პროცესებში ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

13 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს მსოფლიო ბანკში.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი