2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში

2006 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტი წარმოადგინა. მისი განცხადებით, 2007 წლის ბიუჯეტის პროექტში შემოსავლები 3,7 მლრდ. ლარით, ხარჯები 4,0 მლრდ. ლარით განისაზღვრა, დეფიციტის დაფინანსების წყაროები კი - 365,5 მლნ. ლარით. საგადასახადო შემოსავლების სახით გათვალისწინებულია 2,9 მლრდ. ლარი, არასაგადასახადო შემოსავლებზე - 285 მლნ. ლარი, გრანტების სახით - 249 მლნ. ლარი, ხოლო პრივატიზაციიდან შემოსავლების სახით 200 მლნ. ლარი (100 მლნ-ით მეტი ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტთან შედარებით). ბიუჯეტის საბოლოო პროექტში ძირითადი სიახლეა ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსების 106 მლნ. ლარით გაზრდა, რადგან სამინისტროს გაზგამანაწილებელ კომპანიებზე კრედიტის მიცემა მოუწევს იმისთვის, რომ გაზზე სამომხმარებლო ტარიფი 1 იანვრიდან არ გაიზარდოს. ასევე თავდაცვის სფეროს დაფინანსება ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით (392,5 მლნ. ლარი), 513,2 მლნ. ლარამდე იზრდება. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 7,5 %-ით გაიზრდება და მთლიანობაში 16 მილიარდ ლარს შეადგენს. ინფლაციის დონე კი 6%-ით არის განსაზღვრული. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული თავდაცვის სფეროს მოდერნიზება, ჯანდაცვისა და განათლების რეფორმა, საგზაო მშენებლობის პროგრამა და ენერგეტიკის სექტორის რეაბილიტაცია და მშენებლობა იქნება.

მომავალი წლის საბიუჯეტო ხარჯები სფეროების მიხედვით ასე გადანაწილდება: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 916 მლნ. ლარი, თავდაცვის სამინისტრო - 513,2 მლნ. ლარი; ფინანსთა სამინისტრო - 765,6 მლნ. ლარი; ეკონომიკური განვითარების სამინისტრო - 419,5 მლნ. ლარი; ენერგეტიკის სამინისტრო - 217,2 მლნ. ლარი; იუსტიციის სამინისტრო - 117 მლნ. ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო - 49, 8 მლნ. ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო - 297,7 მლნ. ლარი (აქედან სასაზღვრო პოლიციისთვის 46 მლნ. ლარი); განათლების და მეცნიერების სამინისტრო - 389,3 მლნ. ლარი; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო - 65,3 მლნ. ლარი; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო - 44,1 მლნ. ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 47,9 მლნ. ლარი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - 34,9 მლნ. ლარი; კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 503 ათასი ლარი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 968 ათასი ლარი; რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 440 ათასი ლარი; სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 200 ათასი ლარი.

პრემიერ-მინისტრმა გამოსვლის დასრულების შემდეგ დეპუტატთა შეკითხვებს უპასუხა. ,,მემარჯვენე ოპოზიციამ" თავდაცვის სამინისტროს გაზრდილ ბიუჯეტთან დაკავშირებით ზურაბ ნოღაიდელისგან განმარტებები მოითხოვა, ,,რატომ აქვს თავდაცვას გაზრდილი დაფინანსება მაშინ, როცა ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები კი არ მიმდინარეობს, არამედ ადგილი აქვს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ომს", - განაცხადა ,,მემარჯვენე ოპოზიციის" ლიდერმა დავით გამყრელიძემ. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ არანაირი სამხედრო ღონისძიებები არ იგეგმება, თუმცა თავდაცვის სამინისტრო მუდამ მზადყოფნაში უნდა იყოს. მისი თქმით, ისევე როგორც წინა წლებში, თავდაცვის სფეროს რეფორმირება და მოდერნიზება ქვეყნის ძირითადი პრიორიტეტია, რაც ბუნებრივი პროცესია სახელმწიფოსთვის, რომელსაც ტერიტორიები აქვს დაკარგული და ნატოში ინტეგრაციას აპირებს.

საკანონმდებლო ორგანომ (150 მომხრე, 9 წინააღმდეგი) 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.