საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს ეწვია

5 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს ეწვია.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ამჟამად ხორციელდება საინვესტიციო პროექტები, რომელთა მიმდინარეობასაც დღის განმავლობაში ადგილზე გაეცნო პრემიერ-მინისტრი. მან სოფელ ლაჯანაში ახალი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი დაათვალიერა, მოინახულა მდინარე ლაჯანურის ნაპირსამაგრი ნაგებობა, გაეცნო სოფელ ორბელის ,,ლაშითავის" უბნის წყალსადენის მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოებს, აგრეთვე დაათვალიერა სტიქიის შედეგად დაზიანებული ორბელისა და ხოფურის ხიდები, გაეცნო ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას.

პრემიერ-მინისტრი ცაგერში საჯარო სკოლას ეწვია, რომელიც ახალი სასწავლო წლისათვის აღიჭურვა საჭირო ინვენტარით. დაბა ლენტეხში მოინახულა მდინარე ხელედურაზე ნაპირსამაგრი ნაგებობა, ეწვია სოფელ ჟახუნდერში სპორტულ დარბაზს.

ზურაბ ნოღაიდელი დაინტერესდა რეგიონის ტურისტული პოტენციალით და ეწვია ,,მუაშისა" და ,,ლაშიჭალას" კურორტებს.

- ,,ის, რაც მთავრობის მხრიდან უახლოეს პერიოდში არის გასაკეთებელი, აუცილებლად იქნება შესრულებული. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარება, მდინა-რეთა ხეობებში ისეთი სამუშაოების დაგეგმვა და შესრულება, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მარტო სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას, არამედ პროფილაქტიკასაც", - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი