საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტის 2007 წლის საშემოდგომო სესიის პირველ რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა სხდომაზე საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარმოადგინა. მინისტრთა კაბინეტი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

პრემიერ-მინისტრი - ზურაბ ნოღაიდელი,

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ლომაია;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - დავით ჩანტლაძე;

ეკონომიკური განვითარების მინისტრი - გიორგი არველაძე;

ენერგეტიკის მინისტრი - ალექსანდრე ხეთაგური;

თავდაცვის მინისტრი - დავით კეზერაშვილი;

იუსტიციის მინისტრი - ეკა ტყეშელაშვილი;

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი - გიორგი გაბაშვილი;

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - გიორგი ხევიაშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - გელა ბეჟუაშვილი;

სოფლის მეურნეობის მინისტრი - პეტრე ცისკარიშვილი;

ფინანსთა მინისტრი - ნიკა გილაური;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ივანე მერაბიშვილი;

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით ტყეშელაშვილი;

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - გიორგი ბარამიძე;

სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში - კახა ბენდუქიძე;

სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში - ზინაიდა ბესტაევა;

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში - დავით ბაქრაძე.

მინისტრების წარდგენის შემდეგ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. მან პარლამენტის წევრებს საქართვე-ლოს მთავრობის პროგრამა - ,,ერთიანი და ძლიერი საქართველოსათვის" გააცნო და მოკლედ მიმოიხილა მთავარი ამოცანები და პრიორიტეტები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის საქმიანობის მთავარ ამოცანებს წარმოადგენს: მეტი სამუშაო ადგილი კერძო სექტორში; გამჭვირვალე და ქმედითი სახელმწიფო მმართველობა და თვითმმართველობა; ეფექტიანი მართლმსაჯულება; ადეკვატური თავდაცვისუნარიანობა; ქმედითი სამართალდამცავი სისტემა; ენერგოუსაფრთხოება; გამოთანაბრებული რეგიონული განვითარება; მდგრადი და ეფექტური ბუნებათსარგებლობა; ხარისხიანი და კონკურენტული განათლების შესაძლებლობა; ღია და ტოლერანტული კულტურული გარემო და განვითარებულ და მეზობელ ქვეყნებთან საერთაშორისო ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაცია.

ზურაბ ნოღაიდელმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებით ხაზგასმით ისაუბრა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, როგორიც არის ინტენსიური დიალოგისა და გაწევრიანების სამოქმედო გეგმის განხორციელების საფუძველზე ნატო-ში გაწევრიანება, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება და დიპლომატიური და საკონსულო ქსელის გაფართოება. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე, ერთიანი სამოქალაქო რეესტრის ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ბაზის ფორმირებაზე, პენიტენციალური სისტემის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ინსტიტუციონალურ რეფორმაზე, სახაზინო ადვოკატის ხელმისაწვდომი და კვალიფიციური ინსტიტუტის ფორმირებასა და საქართვე-ლოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ეფექტურად განხორციელებაზე.

დასასრულ, ზურაბ ნოღაიდელმა ამომწურავად უპასუხა დეპუტატთა შეკითხვებს.

სხდომის დასასრულს, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი უყარა და 133 ხმით, 13-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და მისი სამოქმედო პროგრამა დაამტკიცა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი