საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კახეთს ეწვია

25 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი კახეთს ეწვია. მან პირადად შეამოწმა კახეთში სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობა და რთვლისათვის მზადყოფნა.

პრემიერ-მინისტრი კმაყოფილი დარჩა სიღნაში მიმდინარე და უკვე დასრულებული სამუშაოების ხარისხით: ,,სიღნაღში რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს. ასეთივე პროექტი ხორციელდება ქუთაისში, ძველ თბილისში და ბათუმში. მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება მთა-თუშეთში, სვანეთში, ხევსურეთში და კიდევ ბევრგან, მაგრამ პრაქტიკულად დავიწყეთ სიღნაღით. თქვენ ხედავთ, რომ დღეს, როცა სამუშაოები ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, ეს მიდამოები გადაიქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მთავარ ტურისტულ ცენტრად საქართველოში. მისასალმებელია, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, განსაკუთრებით თბილისელები, თავს ვალდებულად თვლიან შაბათ-კვირას ამოვიდნენ სიღნაღში და უქმეები აქ გაატარონ. თავად შეგიძლიათ ნახოთ, რა კეთდება, რა არის დაგეგმილი უახლოეს პერიოდში და დარწმუნდებით, რომ მთელ კახეთში სიღნაღი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი ხდება" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზურაბ ნოღაიდელი გაეცნო ყვარლის ცენტრში და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოებს, სოფელ შილდასა და შაქრიანში დაათვალიერა ვენახები, მონაწილეობა მიიღო რთველში და გაესაუბრა გლეხებს.

- ,,ნელ-ნელა დავიწყეთ რთველი, რომელიც მომავალ კვირას შუა კახეთში (თელავის და გურჯაანის რაიონებში) განსაკუთრებული აქტივობის ფაზაში შევა. შესაბამისად, მინდოდა მენახა, რამდენად მზად ვართ ამ პროცესისთვის. ყველაფერი მიდის კარგად. ქარხნები მზად არის 20 000-მდე ტონა ყურძნის ჩასაბარებლად, ასევე სახელმწიფო პროგრამით შესაძლებელი იქნება დამატებით 15 000 ტონა ყურძნის შესყიდვა სპირტის მისაღებად. საქართველოში წელს დიდი მოსავალი გვაქვს, დაახლოებით 200 000 ტონა, და ჩვენი ამოცანაა, ეს მოსავალი უდანაკარგოდ დავაბინავოთ.

შარშანდელის მსგავსად, მუშაობს შტაბი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესის კოორდინაციას.

კახეთში ყოფნისას პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა თელავის რაიონის ნაფარეულის ღვინის ქარხანამ.

ზურაბ ნოღაიდელი გაეცნო გურჯაანის კონცენტრატების ქარხნის ტექნოლოგიურ პროცესს, ბოლოს კი საგარეჯოს აგურის ქარხანას ეწვია.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი