საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ევროპის საბჭო და საქართველოს მთავრობა ახალ პროექტს იწყებს

ევროპის საბჭო და საქართველოს მთავრობა ერთობლივ ახალ პროექტს იწყებს. საქართველოს მთავრობას ამ პროექტში რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე წარმოადგენს.

26 ოქტომბერს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში" გაიმართა ევროპის საბჭოს ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ოფიციალური ხელმოწერა, პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა.

პროექტის სახელწოდებაა ,,საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდაჭერა" (GEPAC), რაც სამხრეთ კავკასიაში ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროგრამის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

ეს ორწლიანი პროექტი საქართველოს დაეხმარება ანტიკორუფციული გეგმის შესრუ-ლებაში, მათ შორის ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) მიერ საქართველოსათვის შემუშავებული რეკომენდაციების განხორციელებაში და სპეციალური ანტიკორუფციული სტრუქტურის გაძლიერებაში.

პროექტი ყურადღებას გაამახვილებს ხუთ უმთავრეს სფეროზე:

კორუფციის წინააღმდეგ მოქმედი ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერება;

ანტიკორუფციული გეგმის განხორციელებაზე ზედამხედველობა და კოორდინირება;

კორუფციის ინკრიმინირებასთან და თავიდან აცილებასთან დაკავშირებული პირველადი და მეორადი კანონმდებლობის შექმნა და გაუმჯობესება;

მექანიზმების გაძლიერება უმაღლეს დონეზე მომხდარი კორუფციული შემთხვევების გამოძიებისა და დევნისათვის;

პილოტური ღონისძიებები, როგორც კორუფციის თავიდან აცილების საშუალებები, მთლიანობისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გასამყარებლად.

პროექტი ფინანსდება ნიდერლანდების განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური დახმარებით.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
აპარატი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში