საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

2007 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 155 ხმით ერთხმად საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და მისი სამოქმედო პროგრამა დაამტკიცა.

მინისტრთა კაბინეტი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

პრემიერ-მინისტრი - ვლადიმერ გურგენიძე,

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მაია მიმინოშვილი;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - დავით ჩანტლაძე;

ეკონომიკური განვითარების მინისტრი - გიორგი არველაძე;

ენერგეტიკის მინისტრი - ალექსანდრე ხეთაგური;

თავდაცვის მინისტრი - დავით კეზერაშვილი;

იუსტიციის მინისტრი - ეკა ტყეშელაშვილი;

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი - გიორგი გაბაშვილი;

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - კობა სუბელიანი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - გელა ბეჟუაშვილი;

სოფლის მეურნეობის მინისტრი - პეტრე ცისკარიშვილი;

ფინანსთა მინისტრი - ნიკა გილაური;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ივანე მერაბიშვილი;

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით ტყეშელაშვილი;

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - გიორგი ბარამიძე;

სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში - კახა ბენდუქიძე;

სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში - ზინაიდა ბესტაევა;

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში - დავით ბაქრაძე.

კენჭისყრამდე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ლადო გურგენიძემ წარუდგინა. მისი თქმით, ახალი კაბინეტი წინა კაბინეტის ეკონომიკური კურსის მემკვიდრე იქნება და შეეცდება ეკონომიკური წარმატებების თითოეულ მოქალაქემდე მიტანას. ამისთვის სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი კორექტირება მოხდება. კერძოდ, გაიზრდება პენსიები: მიმდინარე წელს მინიმალური პენსია 55 ლარი გახდება, ხოლო 2008 წელს - 76 ლარი; მასწავლებლების ხელფასის მინიმალური ზრდა 40 ლარი იქნება; გაიზრდება ლტოლვილთა დახმარება. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა დასაქმების პროგრამებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საშუალო ასაკის მოქალაქეების დასაქმებას.

თავის გამოსვლაში ლადო გურგენიძემ აღნიშნა, რომ ახალი კაბინეტი გადახედავს 2008 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს: ,,ახალი კაბინეტი იზრუნებს მაღალი ინფლაციური დონის შემცირებისათვის. ამ მიზნით გამკაცრდება მონეტარული პოლიტიკა; შეძლებისდაგვარად შემცირდება 2008 წლის ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო 2009 წლიდან წარმოდგენილი იქნება პროფიციტული ბიუჯეტი". მისივე თქმით, უნდა მოხდეს ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა, საქართველოდან მუშახელის ექსპორტი უნდა შეიცვალოს პროდუქციის ექსპორტით; საჭიროა დიალოგი დიასპორებთან მათი რეინტეგრაციის მიზნით; 2008 წელს წარმატებულად დასრულდება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტი, რაც ოპტიმალური ინვესტორის შერჩევას გულისხმობს; ასევე წარმატებით დასრულდება რკინიგზის პრივატიზების პროცესი და 100 ახალი საწარმოს შექმნის პროგრამა; 2008 წლის გაზაფხლზე კი მთავრობა პარლამენტში შემოვა საკანონმდებლო პაკეტით საქართველოში საფინანსო ცენტრის შექმნის შესახებ და წინადადებებით საფონდო ბირჟის ტრანსფორმაციის შესახებ; ჰიდროენერგეტიკაში საფუძველი ჩაეყრება არანაკლებ 100 მეგავატი ახალი სიმძლავრეების მქონე ობიექტების მშენებლობას. ლადო გურგენიძის თქმით, ამ კაბინეტის მუშაობის პერიოდში არ მოიმატებს გადასახადები. 2009 წელს მოხდება გადასახადების სიმბოლური, ხოლო 2010 წლიდან კი საგრძნობი კლება.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი გეგმის განსახორციელებლად საჭიროა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა იყოს.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი