საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პროგრამის ,,ღირსეული დასაწყისი” პრეზენტაცია

30 ნოემბერს სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოს მთავრობისა და ბიზნესწრეების ერთობლივი პროგრამის: ,,ღირსეული დასაწყისი" პრეზენტაცია იყო. პროგრამა სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მხარდაჭერას გულისხმობს - 2008 წლიდან, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ბიზნესსივრცეში ჩართული კერძო კომპანიების და სახელმწიფოს მიერ შეგროვებული თანხა თანაბრად გადანაწილდება სოციალურად დაუცველ, ხელმოკლე ოჯახებში იმ წელს დაბადებულ ყოველ ბავშვზე. სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს ბიზნესკომპანიების მიერ შეგროვებული თანხა თავის წილად გააორმაგოს.

შეხვედრის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა ბიზნესმენებს. მან განაცხადა, რომ ამაყობს ქართული ბიზნესით, ამაყობს იმით, რომ თითონაც ქართული ბიზნესიდან მოდის. მისი თქმით, მართლაც უნიკალური რამ კეთდება და ამისათვის ქართულ კომპანიებს, განსაკუთრებით კი იმ 15 კომპანიას, ვისი ინიციატივითაც ამოქმედდა ეს პროექტი, დიდი მადლობა გადაუხადა. მათი საქციელი, განაგრძო ლადო გურგენიძემ, სოლიდარობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, საზოგადოებისადმი სათუთი მოპყრობის ძალიან კარგი და უნიკალური მაგალითია. ,,მე მსგავსი მასშტაბური მაგალითი დსთ-ს ქვეყნებში ნამდვილად არ ვიცი. ვამაყობ იმით, რომ ჩვენ ბოლო 4 წელიწადში იმხელა გზა განვლეთ, რომ თხუთმეტმა კომპანიამ, თუმცა იმედი მაქვს, რომ მათი რაოდენობა გაორმაგდება და გასამმაგდება, ამ მიზნით 2 მილიონ 750 ათასი ლარი გაიღო და ყოველწლიურად გაიღებს შემდეგი 5 წლის მანძილზე. ეს ფენომენალური შედეგია. რამდენიმე წლის წინათ ამაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო.

ასევე, ვამაყობ იმით, რომ ქართული ბიზნესკომპანიები კარგად, პატიოსნად იხდიან გადასახადებს, რის გამოც ბიუჯეტს აქვს იმის საშუალება, ამოუდგეს გვერდში ქართული ბიზნესის ამ ძალიან კარგ წამოწყებას გაორმაგებული თანხით, ანუ, რაც შეგროვდება ქართული კომპანიების მიერ (ეს არის ღია ინიციატივა და ნებისმიერს შეუძლია მიერთება), საქართველოს ბიუჯეტი ამ მიზნით თანხას გააორმაგებს. თუ ახლა კომპანიების მიერ შეგროვებულია 2,7 მილიონი ლარი, შესაბამისად, ბიუჯეტიდან გამოიყოფა 5,4 მილიონი ლარი. ანუ ფაქტობრივად შეგროვდა 8,1 მილიონი ლარი. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეკრების შემდეგ ეს თანხა გაიზრდება და ჩვენც ასე, ორი ერთთან შეფარდებით, მივიღებთ მონაწილეობას ამ წამოწყებაში" - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

სტატისტიკური მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებში ყოველწლიურად, სულ ცოტა, 10 000 ბავშვი იბადება. ინიციატივის ფარგლებში, თითოეული ახალშობილი, სავარაუდოდ, 1000 ლარის ექვივალენტ ვაუჩერს მიიღებს, რომლის განაღდება საქართველოს ნებისმიერ ბანკში იქნება შესაძლებელი.

უკვე ღონისძიების დასასრულს ბიზნესმენების მიერ შეგროვებულმა თანხამ 5 მილიონი ლარი შეადგინა.

ფონდში მნიშვნელოვანი თანხის მობილიზების შემთხვევეაში, სხვა სოციალური პროექტების დაფინანსებაც დაიგეგმება.

ინიციატივის - ,,ღირსეული დასაწყისი" ინიციატორი კომპანიები არიან: საქართველოს ბანკი, ბაგები სითი ჯგუფი, ვისოლი, კოკა-კოლა, ავერსი, UGT, Silkroad Group, UTG, იბერია სამშენებლო, იბერია რეფრეშმენტი, ლუკოილი, ნატახტარი, პსპ, ბანკი რესპუბლიკა, თიბისი ბანკი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი