საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ბრიუსელში

5 დეკემბერს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გურგენიძის ვიზიტი ბრიუსელში. იგი შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს (Jaap de Hoop Scheffer). შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატო საქართველოსაგან მიმდინარე ერთი თვის მანძილზე პროცესების დემოკრატიულად, მშვიდად წარმართვასა და არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებას ელოდება, რათა ჩვენი მართლაცდა ძალიან ინტენსიური დიალოგი და მუშაობა ყველა მიმართულებით გაგრძელდეს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან სამართლის, თავისუფლებისა და უშიშროების საკითხებში ფრანკო ფრატინისთან (Franco Fratini) შეხვედრაზე მხარეებმა ნარკოტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის, ასევე სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ილაპარაკეს. როგორც აღინიშნა, საქართველოს მიერ ევროკომისიის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ევროკომისია მზად არის საქართველოში შექმნას სპეციალური ცენტრი, სადაც შენგენის ყველა ქვეყნის ვიზის მიღება იქნება შესაძლებელი. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ჩვენი წინადადებაა, განვიხილოთ სავიზო რეჟიმის პირობები. საქართველო უკვე გასცემს ბიომეტრიულ პასპორტებს. ეს ჩვენთვის, თავდაცვის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა, რომ ,,ბატონ ფრატინისთან იყო ძალიან კონკრეტული შეხვედრა. ვფიქრობ, მას აქვს დიდი სურვილი, კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ იმ მიმართულებებით, რომლებზეც მან ილაპარაკა. აქ, მართლაც, რამდენიმე თემა არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული, იქნება ეს ბიომეტრიული პასპორტები თუ საზღვრების დაცვა, მათ შორის, კონფლიქტურ რეგიონებშიც".

ბრიუსელში ყოფნისას ვლადიმერ გურგენიძეს სამუშაო შეხვედრები ჰქონდა აგრეთვე ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ჰანს-გერტ პოტერინგთან (Hans-Gert Pöttering), ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯასეკ სარიზ-ვოლსკისთან (Jacek Saryuzs-Wolski) და ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში ანდრის პილბალგსთან (Andris Pielbalgs).

,,ყველა შეხვედრა, რომლებიც დღეს გვქონდა, იყო შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. მეგობრებს შორის დასაშვებია, ასე ვთქვათ, გულღია ლაპარაკიც, წუხილის გამოხატვაც, მომავალზე ზრუნვაც, კითხვები იმაზე, თუ, როგორ შეიძლება დაგვეხმარონ კიდევ უფრო მეტად. მაგრამ ეს საუბრები არანაირად არ გულისხმობდა ჩვენს მიმართ დამოკიდებულების შეცვლას ან ურთიერთობებში ნეგატიური მომენტების გაჩენას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინიტრმა.

სამუშაო დღის ბოლოს ვლადიმერ გურგენიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალი საელჩოს შენობის პრეზენტაციაში.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი