საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ცხინვალის რეგიონს ეწვია

14 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ცხინვალის რეგიონში ჩავიდნენ. ვლადიმერ გურგენიძემ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დიმიტრი სანაკოევთან ერთად სოფელ თამარაშენში მშენებარე ობიექტები: საცურაო აუზი და სპორტის სასახლე დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებით კმაყოფილი დარჩა. მათ მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო ფონდ ,,იავნანას" მიერ თამარაშენის 9-სულიანი ოჯახისათვის სახლის გადაცემის საზეიმო ღონისძიებაში.

სოფელ აჩაბეთში პრემიერ-მინისტრი სპონტანურად ეწვია ერთ-ერთ ოჯახს და მისი ცხოვრების პირობებს გაეცნო. ასევე შეხვდა მოსახლეობას. ვლადიმერ გურგენიძეს კონფლიქტის ზონის მცხოვრებლებმა პრობლემების მოგვარება სთხოვეს. გზისა და სასმელი წყლის პარალელურად ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ხილის რეალიზაციის საკითხი დაუსახელეს. ხეობის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ უხვი მოსავალი მოიწიეს, თუმცა მის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ოსური მხარე მათ როკის გავლით რუსეთის ფედერაციის მიმართულებით პროდუქციის გატანის საშუალებას არ აძლევს.

ვლადიმერ გურგენიძემ მოსახლეობას დახმარება აღუთქვა და განაცხადა, ამ პრობლემის გადასაჭრელად უახლოეს მომავალში რეგიონს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი ეწვევა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი