საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძე GIPA-ს ესტუმრა

17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) ესტუმრა, სადაც ჟურნალისტებსა და სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ინსტიტუტის ხელმძღვანელობას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრების ასეთი ფორმა ძალზედ თანამედროვე, ეფექტიანი, უშუალო და ინტერაქტიულია.

შეხვედრაზე ვლადიმერ გურგენიძემ ილაპარაკა თავის ხედვაზე, თუ როგორ სამოქმედო გეგმას საჭიროებს დღევანდელი პოლიტიკური ვითარება საქართველოში. ,,ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახალი სოციალური პოლიტიკა. ეს აქცენტები გუშინ გაახმოვანა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა. ამას ეხება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ასახულია 2008 წლის ბიუჯეტში. ბიუჯეტი ამ დღეებში განსახილველად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ყოველივე ეს აუცილებელია, რომ მოვხსნათ ნეგატიური სოციალური ფონი და საზოგადოებაში დავნერგოთ განცდა იმისა, რომ საქართველო, ქართველი საზოგადოება აგებულია სოციალური სოლიდარობის პრინციპზე. ეს ურყევი კურსია. რეფორმები და, ზოგადად, ქვეყნის კურსი წარმატებული ვერ იქნება, თუ აბსოლუტურად ყველა სოციალური ფენა არ იქნება მასში ჩაბმული. ჩვენ ამისკენ მივისწრაფვით, რადგანაც სხვა ალტერნატივა არის ნათელი მომავლის და მისი განცდის არქონა, ახალგაზრდების ხარჯზე ჩვენი დიასპორის კიდევ უფრო გაზრდა და არა შემცირება. შესაბამისად, ეს არ უნდა შედიოდეს ჩვენს გრძელვადიან ინტერესებში," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი