საქველმოქმედო ღონისძიება აჩაბეთში

20 დეკემბერს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი სამაჩაბლოში სოფელ აჩაბეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეწვია. ეს დასკვნითი ღონისძიება იყო აჩაბეთელი ყმაწვილებისათვის. ისინი 6 ოქტომბერს მოზარდმაყურებელთა თეატრის გახსნაზე იყვნენ მიწვეულნი და ახალგარემონტებულ თეატრში გაატარეს ერთი დაუვიწყარი დღე. ფოტოებზე აღიბეჭდა, როგორ გადაიქცნენ ,,კონკიას" თავგადასა-ვალზე დასასწრებად ჩამოსული დაწყებითი კლასის მოსწავლეები კონკიას მეჯლისის ულამაზეს სტუმრებად. ამის შემდეგ გაჩნდა სურვილი გაგრძელებულიყო ეს ურთიერთობა გამოფენით, სოფელში თეატრის სტუმრობით.

21 ოქტომბერს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის ფოიეში გამოიფინა დათო კაკულიას, ქეთი ჟვანიასა და ალექსანდრე კლიმჩუკის ფოტოები, რომლებმაც საბოლოოდ 20 დეკემბერს აჩაბეთის სკოლაში დაიდო ბინა. ამას გარდა, აჩაბეთის სკოლის უფროსკლასელებს ჩაუტარდათ სასკოლო წერა: საქართველო XXI საუკუნეში, რომელიც შეაფასეს მათივე სკოლის პედაგოგებმა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა მანანა ბარათაშვილმა. გამარჯვებული თხზულებები და ქალბატონ მანანას რეცენზიები დაიბეჭდა ალმანახად, რომელიც მთავრობის კანცელარიის თანამშრომლებმა უფროსკლასელებს დაურიგეს. გამარჯვებულ ყმაწვილებს მათ ,,ვეფხისტყაოსანი" გადასცეს. სკოლის ბიბლიოთეკას კი საქწიგნის საწყობიდან შეგროვებული ძველი გამოცემები უსახსოვრეს.

ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო საბავშვო თეატრის დასმა ,,რწყილი და ჭიანჭველას" არატრადიციული მუსიკალური ვერსია წარმოუდგინა პატარებს.
აჩაბეთელი მოსწავლეები საგანგებოდ მომზადებული აღმოჩნდნენ თოვლის პაპის და ფიფქიას დასახვედრად. მათ არაერთი სიმღერა, ლექსი, და გულწრფელი სიტყვა უძღვნეს სტუმრებს და საახალწლო საჩუქრებიც დაიმსახურეს.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი