საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კახეთში იმყოფებოდა

22 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე კახეთს ეწვია. თავდაპირველად მან საგარეჯოს რაიონის სოფელ ვაჩნაძიანის VI საუკუნის, ამიდასტურის სახელობის, რესტავრირებული ეკლესია დაათვალიერა. აქ მომავალი წლის გაზაფხულზე არქეოლოგიური გათხრების ჩატარებაა ნავარაუდევი. შემდეგ ვლადიმერ გურგენიძე სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის ოჯახში ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. - ,,იმ ძეგლების გარდა, რომელიც ყველას გვახსოვს და გვიყვარს, ძალიან ბევრი არის მივიწყებული და დანგრეული. ბოლო წლებში მიმდინარეობს მათი აღდგენა. ეს არის ჩვენი ისტორია, სიმდიდრე და ხვალინდელი დღის საწინდარი, როგორც ზნეობრივი, ისევე ტურისტული თვალსაზრისით. ჩემთვის დღევანდელი სტუმრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დედულეთში ვარ, დედაჩემი არის ვაჩნაძე, ამიტომაც კახეთი სანახევროდ ჩემი კუთხეა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვიზიტის ბოლოს ვლადიმერ გურგენიძე წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, დახურულ კარს მიღმა ბეჭდვური მედიის წარმომადგენლებს (ალეკო ასლანიკაშვილი (საქართველოს რესპუბლიკა), სოსო გოგინაშვილი (ახალი თაობა), ნოდარ ლადარია (24 საათი), პაატა ვეშაპიძე (24 საათი), ია ანთაძე, ზვიად ქორიძე) შეხვდა, განიხილეს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი