ვლადიმერ გურგენიძემ მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

23 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა დიღომში მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. მშენებლობა ხორციელდება პროგრამით - ,,100 ახალი საავადმყოფო საქართველოში". მშენებლობას კომპანია ,,ბლოკჯორჯია" წარმართავს. საავადმყოფო 300 საწოლზე არის გათვლილი და მასში დაახლოებით 600 კვალიფიციური პერსონალი დასაქმდება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში საავადმყოფო 20 წელზე მეტია არ აშენებულა. აღმშენებლობა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის მხოლოდ ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილია. მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონებშიც იგეგმება და სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოში შეიქმნება თანამედროვე, მაღალხარისხიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სექტორი: - ,,ბლოკჯორჯია", სხვა კომპანიებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს ამ პროექტში. ბუნებრივია, მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ქვეყანაში დასაქმების პრობლემის გადაჭრას: ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ იქ 600 კაცი დასაქმდება (ეს იქნება 600 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი), მშენებლობის პროცესში კი, ბუნებრივია, ბევრად მეტი ადამიანი ჩაერთვება. მნიშვნელოვანია, როგორ გეგმავს „ბლოკჯორჯია" ცენტრის განვითარებას, რადგანაც ამჯერად საფუძველს ვუყრით ცენტრალურ საავადმყოფოს და მისი ქსელი დაფარავს სრულიად საქართველოს. ჩვენი ამოცანაა, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ყველა პაციენტმა მიიღოს ერთნაირი ხარისხის სერვისი. მნიშვნელოვანი კომპონეტია ის, რომ ქსელური ტიპის მომსახურების გარდა, ყველა სოფელში მოსახლეობას საშუალება ექნება კონსულტაციებისათვის მიმართოს სოფლის ექიმს და ამბულატორიული მომსახურება ადგილზე მიიღოს. ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მოგვიანებით, ვლადიმერ გურგენიძე იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეგიონებში განსახორციელებელ სამედიცინო მომსახურების ქსელის პრეზენტაციას დაესწრო. ამ პროექტებს კომპანიები: ,,ბლოკჯორჯია", ,,პე ეს პე", ,,ავერსი" "ახალი სტილი" და ,,ევორდი" ახორციელებენ.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი