საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა

27 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მან სოფელ დვირში დაათვალიერა საკალმახე და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ინდივიდუალური მეურნეობები, სადაც ოჯახის წევრების გარდა, 30-მდე კაცია დასაქმებული. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ინდივიდუალურ მეურნეობას პრემიერ-მინისტრი სოფელ ციხისჯვარშიც ეწვია. ვლადიმერ გურგენიძემ დადებითად შეაფასა მინიმეურნეობები, რადგან აქ სოფლის მოსახლეობას მუდმივი სამუშაო ადგილი უჩნდება. - ,,ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ვისაუბრეთ იაფი კრედიტების პროგრამის შესახებ, აგრეთვე სხვა საჭირბოროტო საკითხებზე. ეს ძალიან საინტერესო და აქტუალურია. მინდა აღვნიშნო, რომ რაც უფრო მეტი ასეთი ინდივიდუალური მეურნეობა გვექნება, მით უფრო გაძლიერდება სოფელი, მით უფრო მალე მივაღწევთ სოფლის აღორძინებას და მიზანს - საქართველო სიღარიბის გარეშე", - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

ბაკურიანის კინოსახლში ვლადიმერ გურგენიძე ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. პროექტი ითვალისწინებს 2007-2009 წლებში ბაკურიანის მიწათმოწყობისა და დიდველის განაშენიანების რეგულირებას. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ პროექტებით გათვალისწინებულია ბაკურიანში 25 ათას კაცზე გათვლილი სასტუმროების მთლიანი კომპლექსის შექმნა.

რეგიონში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრი მწვანე მონასტერსა და ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარს ეწვია. მწვანე მონასტერში მას ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი მეუფე სერაფიმე დახვდა. მეუფემ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა მთავრობის იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც სამონასტრო კომპლექსს საკუთრებაში 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა.

დასასრულ პრემიერ-მინისტრმა ბაკურიანის ახალი საბაგირო და სათხილამურო გზები დაათვალიერა.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი