საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოსათვის 750 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მხარდამჭერი საკრედიტო ხაზი გამოიყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსათვის 750 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მხარდამჭერი საკრედიტო ხაზს გამოყოფს.

2008 წლის 3 სექტემბერს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა, აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დევიდ ოუენმა (David Owen) ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ფინანსური მხარდაჭერის მოთხოვნის საფუძველზე, ამა წლის 23 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ფონდის მისია. საქართველოს მთავრობისადმი თვრამეტთვიანი მხარდამჭერი საკრედიტო ხაზის ფორმით (Stand-By Arrangement) გამოიყოფა ვიზიტის შედეგად მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება 750 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური პაკეტი. აღნიშნული ფინანსური პაკეტი უნდა დამტკიცდეს სსფ-ის დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელიც საქართველოს მოთხოვნას სექტემბრის შუა რიცხვებში განიხილავს.

სსფ-ის საკრედიტო ხაზის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა და ბოლოდროინდელი კრიზისის შედეგად წარმოქნილი ეკონომიკური და ფინანსური შედეგების აღმოფხვრა. საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა და სათანადო მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ გააძლიერა ეკონომიკის მდგრადობა და შექმნა მყარი საფუძველი ხსენებული შოკის დასაძლევად. სსფ-ის საკრედიტო ხაზის მიზანია საგარეო დაფინანსების შესაძლო შეფერხების ნაწილობრივი გადაფარვა, ასევე ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერის გზით საქართველოს მიმართ უცხოური ბაზრების ინტერესისა და ინვესტორების რწმენის შენარჩუნება, რაც უზრუნველყოფს გრძელვადიან მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და ხელს შეუწყობს კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკურ ზრდას.

როგორც განაცხადა საქართველოს-პრემიერ მინისტრმა, სავალუტო ფონდის მისიამ ამ პროგრამაზე მუშაობა დაასრულა უპრეცენდენტოდ მცირე ვადებში. ვლადიმერ გურგენიძემ სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან დიდი პროგრამაა, საქართველოს კვოტის 300%-ზე მეტი, საუბარია საქართველოს უპრეცენდენტო მხარდაჭერის შესახებ. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია საქართველოს ეკონომიკისადმი ინვესტორების რწმენისა და ინტერესის შენარჩუნებისკენ, აგრეთვე მისი გამძაფრებისა და გაზრდისაკენ. ეს მხოლოდ პირველი მერცხალია, ჩვენ ველით ასევე სხვადასხვა შინაარსის ეკონომიკური დახმარების პროგრამებს.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ არა მარტო გადავლახავთ იმ შოკს, რომელიც ბუნებრივია ეკონომიკამ განიცადა აგვისტოს თვეში რუსეთის აგრესიის მიზეზით, არამედ გადავალთ ინვესტორთა ინტერესის სხვა ეტაპზე.

მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს საქართველო ბოლო წლების განმავლობაში, ალტერნატივა არ აქვს, ის არის აღნიშნვის ღირსი და მოქნილი, ეფექტური, ლიბერალური. ჩვენ შევინარჩუნებთ ამ პოზიციას და ეს პროგრამა არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ იმ ეკონომიკურ კურსს, რომელსაც ჩვენ ვადგავართ ალტერნატივე არ აქვს," - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით აღნიშნულ თანხას გამოიყენებს საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შესავსებად, რაც ხელს უწყობს ფინანსური სისტემის მდგრადობას და ლარის გაძლიერებას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი