საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

კახა ბენდუქიძე საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

4 სექტემბერს მთავრობის კანცელარიაში მოეწყო შეხვედრა საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა დაბრუნებისა და განსახლების საკითხებზე.

მთავრობის კანცელარიის უფროსი კახა ბენდუქიძე შეხვდა საერთაშორისო წარმომადგენლობებისა და მისიების დელეგაციას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი თამარ მარტიაშვილი, აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი საქართველოში რობერტ უილსონი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში რობერტ უოტკინსი, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის წამყვანი ეკონომისტი როზალინდა კვინტანილა, მსოფლიო ბანკის ეკონომისტი ფარუკ ხანი, გაეროს უმაღლესი კომისარი დევნილთა საკითხებში პიტერ ნიკოლაუსი, სტეფანო ბერტი - გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრაზე საუბარი იყო იმ დეტალებზე, რაც ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს შორის სამხედრო დაპირისპირების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას.

ამასთანავე, შეხვედრაზე განიხილეს ის კონკრეტული პრობლემები და მათი მოგვარების გზები, რომლებიც დაკავშირებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების მიმდინარეობასთან.

ამ ეტაპზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონკრეტულ ღონისძიებებზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის. .

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი