საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

გაიმართა იძულებით გადაადგილებულ პირთა სამთავრობო კომისიის სხდომა

20 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა იძულებით გადაადგილებულ პირთა სამთავრობო კომისიის სხდომა.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრნმა ვლადიმერ გურგენიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი სამუშაო შეკრება ეძღვნება იმ სტრატეგიის სამუშაო ვარიანტის განხილვას, რომელიც წარმოადგინა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ.

"დღევანდელი განხილვის შემდეგ უნდა მოვამზადოთ ის ვარიანტი, რომელიც შეიძლება წარვადგინოთ მთავრობის სხდომაზე და გავხადოთ ფართო განხილვის საგანი. ამ სტრატეგიის საკვანძო თემა არის რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულთათვის, უსახლკაროდ დარჩენილთათვის სახლებისა და ბინების მშენებლობა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კეთდება, მიმდინარეობს ძალიან ენერგიული მუშაობა. შენდება სახლები და ბინები 7 ათასამდე ოჯახისთვის ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვლადიმერ გურგენიძის თქმით მიმდინარე მშენებლობის ნაწილი დასრულდება წელს.

"აგრეთვე ძალზედ მნიშვნელოვანი ამოცანაა ანალოგიური საცხოვრებელი პირობების შექმნა ყველა იმ დაზარალებულისათვის, დევნილისათვის, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არიან 1989-93 წლებიდან მოყოლებული.

ეს ჩვენი თანამემამულეების ძალიან დიდი რაოდენობაა, ისინი წლების მანძილზე ცხოვრობენ ძალიან რთულ პირობებში. ერთ და ორ წელიწადში ეს საკითხი ვერ გადაწყდება. ჩვენი ერთ-ერთი იმპერატივი უნდა იყოს მათი პრობლემების მოგვარება, ანალოგიურად აგვისტოს კონფლიქტის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებისა.

ბრიუსელში დონორებთან ჩვენ ვისაუბრებთ თანხების გამოყოფაზე 1993 წლის და უფრო ადრინდელი პერიოდის დევნილთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით. ბუნებრივია, სახელმწიფოც გამოყოფს თანხებს შემდეგი რამდენიმე თვის მანძილზე. სულ ჯამში ვვარაუდობ, რომ ეს პროგრამა დაჯდება 1 მილიარდი ლარი. დონორების დახმარება გარეშე საქართველო ასეთი ოდენობის თანხას ვერ მოერევა.

ეს არის დასაწყისი იმ პროცესისა, რომელიც მიგვიყვანს პრობლემის საბოლოო მოგვარებამდე. ყველა დაზარალებულს, ყველა დევნილს უნდა შევუქმნათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები," - დასძინა ვლადიმერ გურგენიძემ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი