საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება რუსეთის მიერ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

სამი თვის წინ ევროკავშირის ძალისხმევით და პრეზიდენტ სარკოზის ხელმძღვანელობით, შესაძლებელი გახდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, რასაც შედეგად მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ განვითარებული საომარი მოქმედებების შეჩერება.

ამ შეთანხმებით დაიწყო პროცესი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ოკუპაციის შეწყვეტას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასა და ამ კონფლიქტის შედეგად ათი ათასობით იძულებით გადაადგილებული ქართველისა და ასევე იმ 300,000 მოქალაქის დაბრუნებას, რომლებმაც 90-იან წლებში ჩატარებული ეთნიკური წმენდის შემდეგ იძულებით დატოვეს საკუთარი საცხოვრებელი სახლები. ევროკავშირის ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა რუსეთის თავდაპირველი შეიარაღებული აგრესიისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის შექმნილი საფრთხის შემცირება. საქართველოს მოსახლეობა უდიდეს მადლიერებას გამოხატავს ევროპის ქმედითი მონაწილეობის, მონიტორინგის მისიის დაუყოვნებელი გამოგზავნისა და იმ მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერის გამო, რომელიც საქართველოს რეაბილიტაციაში დაეხმარება.

დღეს ევროკავშირი შეეცდება უპასუხოს კრიტიკული მნიშვნელობის კითხვას: შეასრულა თუ არა რუსეთმა სარკოზის შუამდგომლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები? მაგრამ ამ კითხვის მიღმა კიდევ უფრო არსებითი კითხვა დგას: ევროკავშირსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები პრინციპულობას დაეფუძნება თუ ხელსაყრელობას?

1 სექტემბერს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების გამოცდა იქნებოდა რუსეთის ფედერაციის ჯარების დაბრუნება 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე. ამ პუნქტის შესრულების გარეშე, როგორც ნათქვამი იყო, ევროკავშირის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები არ ჩაითვლებოდა შესრულებულად და პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები არ განახლდებოდა.

ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს ევროკავშირის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სარკოზის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების დარღვევას. საქართველო დღეს რჩება უცხო ქვეყნის მიერ ძალის გამოყენებით ოკუპირებულ ქვეყნად.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელება ითვალისწინებს: რუსეთის მიერ საჯარისო ნაწილების გაყვანას ახალგორიდან (რომელიც ოკუპირებულ იქნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოს შეთანხმების მიღწევის შემდეგ) და კოდორის ხეობიდან - ეს ტერიტორიები არ ყოფილა კონფლიქტის ზონების ნაწილი და არასოდეს კონტროლდებოდა რუსეთის, ან რუსეთის მხარდაჭერით მოსარგებლე სამხედრო ფორმირებების მიერ; მკვეთრად გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სადაც ამჟამად მყოფი 10,000 ჯარისკაცი (7 აგვისტომდე არსებულ რაოდენობაზე სამჯერ მეტი) უკანონო სამხედრო ბაზებს აშენებს; საერთაშორისო დამკვირვებლების და ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელ შეშვებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში (ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ შედიან ევროკავშირის და ეუთოს დამკვირვებლები); ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას; კონსტრუქციულად მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში, სადაც უნდა შემუშავდეს უსაფრთხოების ახალი გარანტიები იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის, მიღწეულ იქნას კონფლიქტების სრულმასშტაბიანი პოლიტიკური დარეგულირება და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

8 ნოემბერს მოხდა კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს. რუსეთის მიერ მართულმა სამხედრო ფორმირებებმა დაიწყეს კონფლიქტის ზონის საზღვრებს გარეთ მდებარე ძირითადად ქართველებით დასახლებული სოფელ პერევის ოკუპაცია. ევროკავშირმა ცალსახად განაცხადა, რომ პერევი `მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთით~. ასევე, დღეს სოფელ დვანში რუსეთის მიერ მართული შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ მოკლული იქნა ორი ქართველი პოლიციელი.

ამასთან, ჩვენ მიგვაჩნია რომ რუსეთი უნდა დათანხმდეს საერთაშორისო დამოუკიდებელ გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობას, რომლის მიზანია აგვისტოს ომის მიზეზების და მიმდინარეობის გამოძიება, რის შესახებაც საქართველომ პირველი მოთხოვნა 16 აგვისტოს წამოაყენა.

დღეს `მისიის შესრულებულად~ გამოცხადება და რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების ჩვეულებრივ გაგრძელება კიდევ უფრო წაახალისებს საქართველოსა და ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა მშვიდობისკენ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. თუ წინსვლას არ გავაგრძელებთ, შესაძლოა კვლავ იმ წერტილში დავბრუნდეთ, საიდანაც დავიწყეთ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი