საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

მთავრობა ახალი ეკონომიკური ინიციატივით გამოვიდა

დღეს, 11 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა თბილისის საკრებულოს შენობაში მთავრობის ახალი გადაწყვეტილება გააჟღერა. გრიგოლ მგალობლიშვილის თქმით, 2009 წლიდან საშემოსავლო გადასახადი 25%-დან 20%-მდე შემცირდება. აქამდე მთავრობის მიერ 50 თვიანი პროგრამის ფარგლებში გაცემული დაპირების მიხედვით საშემოსავლო გადასახადის დაწევა 5 წლიანი პროცესი იქნებოდა და იგი წელიწადში 1-2 პროცენტით დაიკლებდა. ანუ 20%-მდე ჩამოვიდოდა 2011 წელს. აგრეთვე განახევრდება დივიდენტზე გადასახადი და 10%-დან 5%-მდე დაიწევს. 50 თვიანი გეგმის მიხედვით ამ ნიშნულს გადასახადი მიაღწევდა მხოლოდ 2010 წელს.

პრემიერ-მინისტრმის განაცხადებით, აღსადგენია ყველაფერი, რაც ომმა დაანგრია. მსოფლიო იმყოფება მძიმე ეკონომიკურ კრიზისში. "მაგრამ ჩვენთვის ნომერი პირველი ამოცანა არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის ბიზნესისათვის დამატებითი მასტიმულირებელი ფაქტორების გაჩენა. ამისათვის ვთხოვე საქართველოს პარლამენტს მოეცათ დამატებით 15 დღე, რათა მემუშავა ბიუჯეტზე, იმისათვის რომ ის ყოფილიყო უკეთესი და უკეთ შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რაც დღეს საზოგადოებაშია.

მე ძალიან აქტიურად ვმუშაობ ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან ერთად ახალ ინიციატივებზე. ეს იქნება ახალი ინიციატივების რამდენიმე სერია. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევხვდე ხალხს და ვიცოდე თუ რა მოთხოვნები აქვს მათ, რა უნდა იყოს ასახული ამ ბიუჯეტში, როგორ უნდა შევძლოთ ჩვენ ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

მინდა თქვენ გაგაცნოთ ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის შესახებაც დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება - საშემოსავლო გადასახადების დაწევა. ეს იყო ძალიან ინტენსიური კონსულტაციების შედეგი და უკვე 2009 წლიდან ჩვენ გადავწყვიტეთ შევამციროთ გადასახადი 25%-დან 20%-მდე, ხოლო დივიდენტზე გადასახადი გავანახევროთ და დავწიოთ 10%-დან 5%-მდე.

რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ეს საკითხი ყველამ კარგად ვიცით. ეს ნიშნავს დამატებით 250 მლნ ლარს ქართულ ეკონომიკაში. ნიშნავს იმას, რომ მთელ ქართულ საზოგადოებას გაეზრდება დანაზოგები. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე კარგი წინაპირობა იმისათვის, რომ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. ინიციატივა აისახება პრაქტიკულად ყველა საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც იღებს ხელფასს და რომელიც არის დასაქმებული - მას გაეზრდება შემოსავალი. ის ადამიანები, რომლებიც იღებენ 535 ლარის ოდენობის ხელფასს და აქამდე იხდიდნენ 134 ლარს, ახლა ისინი 27 ლარით ნაკლებს გადაიხდიან.

გუშინ შევხვდი მასწავლებლებს და ვიყავი გაოცებული, რათა მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, სკოლების ნგრევასთან და ხელფასების ზრდასთან ერთად, იყო გადასახადების კლება. მასწავლებლებს, რომლებიც იღებენ 200 ლარიან ხელფასს, გადასახადები შეუმცირდებათ 12 ლარით. მთავრობა აგრძელებს მუშაობას ახალ ეკონომიკურ ინიციატივებზე, რომლის შესახებ დამატებით გაცნობებთ,"- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი