საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის.


სტატისტიკის სისტემის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი2008 წლის 29 ნოემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ჩამოყალიბდა სტატისტიკის სისტემის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი. რეფორმის მიზანია სტატისტიკის დეპარტამენტი, რომელიც ამჟამად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, გამოეყოს მთავრობას და გახდეს დამოუკიდებელი სტრუქტურა.

სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების დამოუკიდებელი ექსპერტებით. იგი შეიმუშავებს რეკომენდაციებს სტატისტიკის სისტემის რეფორმის განსახორციელებლად და 2009 წლის იანვრის ბოლოსათვის მოამზადებს რეფორმის კონცეფციას.

სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა დამსწრეთ მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და აღნიშნა, რომ ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოების და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება სტატისტიკის ეროვნული სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით.

"ამ რეფორმის მიზანი უნდა იყოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება, მისი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა და სტატისტიკური მონაცემების სანდოობისა და ხარისხის ამაღლება.

მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისთვის, რომ დათანხმდით იმუშაოთ ამ ჯგუფში. შეიქმნება დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც 2 თვის განმავლობაში შეიმუშავებს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის რეფორმირების კონცეფციას. მინდა გთხოვოთ კონცეფციის შემუშავების პარალელურად ამ ორი თვის განმავლობაში მოაწყოთ შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, საქართველოს პარლამენტთან, რათა გაიმართოს რეფორმის საჯარო განხილვა," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი