საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასს შეხვდა.

პრემიერ მინისტრის ოპერის თეატრის დასთან შეხვედრათბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელთან და დასთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ამდენი ნიჭიერი ადამიანის საზოგადოებაში ყოფნა.

"პატივია ამდენ არა მარტო ნიჭიერ, არამედ თავდადებულ ადამიანებთან ერთად ყოფნა, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში, შესძლეს შეენარჩუნებინათ ის, რაც არის ჩვენი მთავარი საგანძური. ჩვენ ყველანი ვამაყობთ ამით. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს და მათ, ვინც ემსახურება ქართულ კულტურას.

მოხარული ვარ, რომ მიუხედავად დღევანდელი სირთულეებისა, ეს ფინანსური კრიზისი იქნება, თუ სხვა ეკონომიკური სირთულეები, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია, ჩვენ შევძელით არ შეგვემცირებინა ის დაფინანსება, რომელიც გამოყოფილი არის კულტურის სფეროსათვის. ჩვენთვის არის ისეთი თემები, რომლებიც ხელშეუხებელია, არის ისეთი საგანძურები, რითიც ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რომელთა შემცირებაზე ფიქრსაც კი არ დავიწყებთ. ვიცი, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ამიტომ მინდა მოგისმინოთ თქვენ და თქვენგან გავიგო იმ სირთულეებისა და საკითხების შესახებ, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, იმ გეგმების შესახებ, რომლებიც თქვენ გაქვთ.

საქართველოსთვის ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი მთავარი საგანძური არის ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა, ჩვენი ოპერა, რომელიც მე-19 საუკუნეში ახერხებდა იმას, რომ მსოფლიო დედაქალაქებში დადგმული პრემიერები რამდენიმე თვეში ქართულ ოპერაში იმართებოდა. ეს არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენ არასოდეს არ გვიწევს დავა, ვართ თუ არა ევროპელები. ჩვენი ევროპული იდენტიფიცირება და იდენტურობა განისაზღვრება სწორედ იმ კულტურით და იმ კულტურული საგანძურით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. არც ერთ ჩვენს მოქალაქეს, არც ერთ ხელისუფალს ან დიპლომატს არ უწევს იმის მტკიცება, რომ ჩვენ არ ვართ მესამე სამყაროს რიგითი წევრები. ჩვენ გაგვაჩნია ის საგანძური და ის კულტურული მემკვიდრეობა, რითიც ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ და შეგვიძლია რეალურად გავეცნოთ სამყაროს.

კულტურის მინისტრისთვის მთავარი ამოცანა იქნება უკეთ გააცნოს ქართული კულტურა მსოფლიოს, გაიტანოს ქართული კულტურული მონაპოვარი გარეთ. ეს არის ის რეალური იარაღი, რითიც ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპირდეთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს საქართველოს წინაშეა და ვიყოთ წარმატებულნი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ვიცი, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჩვენ დღეს ვიმყოფებით განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ვთვლი, რომ გაცილებით უფრო მეტია გასაკეთებელი. გაცილებით უფრო ეფექტური ნაბიჯებია გადასადგმელი. მინდა ვთხოვო კულტურის მინისტრს, რომ ამ მიმართულებით გადაიდგას ძალიან აქტიური ნაბიჯები.

ნებისმიერ ქართველს, სახელმწიფო მოღვაწე იქნება, დიპლომატი თუ სხვა, იცნობენ იმ სახელებით, რომლებიც არიან უკვდავი სახელები, რომლებსაც ყველაზე კარგად გააქვთ ქართული კულტურა გარეთ. იცნობენ პაატა ბურჭულაძეთი, ზურაბ სოტკილავათი, ვატო ათანელით, თამარ ჯავახიშვილით, ნინო სურგულაძეთი და სხვა მრავალით. იცნობენ თქვენი შემოქმედებით, იმით რასაც თქვენ აკეთებთ. ეს არის სწორედ ის სიმდიდრე, რაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, რათა უფრო მეტი სტიმული მივცეთ თვითონ ოპერის მუშაობასაც.

კლასიკური მუსიკა არასოდეს არ არის თვითდაფინანსებაზე, კლასიკურ მუსიკას ყოველთვის ექნება სახელმწიფო თანადგომა, სახელმწიფო ყოველთვის იქნება თქვენს გვერდზე. თუმცა ამასთანავე აუცილებელია ახალი გზების მოძიება, რათა მოვიზიდოთ უფრო მეტი მაყურებელი. ეს იქნება დათოს (დავით საყვარელიძე) მთავარი ამოცანა.

ძალიან მნივნელოვანია, ეს ერთობლივად უნდა გავაკეთოთ, ახალი თაობის აღზრდა, განათლება. ჩვენ გვყავს აღმოსაჩენი და წასახალისებელი ნიჭიერი მომავალი თაობის ვარსკვლავები. ჩვენი მთავარი სიძლიერე ხართ თქვენ! ჩვენი მთავარი მონაპოვარი, მთავარი სიძლიერე არის ქართული კულტურა, ის რომ ვართ ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ რომელიმე კავშირებში გაერთიანებაზე, საქართველო ყოველთვის იყო ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილი, ეს არის სწორედ თბილისის ოპერა, ეს არის ჩვენი კულტურა.

მე ვთვლი, რომ ეს იქნება მთავარი იარაღი, რომლითაც დავუპირისპირდებით იმ სირთულეებს, რის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ.

სამწუხაროდ ფინანსური კრიზისი შეეხო მთელს მსოფლიოს, მთელს ცივილიზებულ სამყაროს. ეს შეგვეხება ჩვენც, მაგრამ ჩვენი არჩევანი არის ძალიან მარტივი, შევეგუოთ ამას, თუ პირიქით, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა ეს პრობლემები გადავლახოთ.

მთავრობა ყველაფერს იზამს, რომ არანაირად ამას არ შევეგუოთ და უფრო გაათმაგებულად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გადავლახოთ ეს სირთულეები და უფრო ეფექტურად გადავჭრათ. გადავჭრათ თქვენთან ერთად, იმიტომ რომ ამ სირთულეების გადალახვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ის, თუ როგორ განგვიხილავს ჩვენ გარე სამყარო, თუ როგორ გვიყურებენ ჩვენ ჩვენი მეგობრები, თუ როგორ განიხილება საქართველო მსოფლიოს მიერ," - განაცხადა გრიგოლ მგალობლიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლებთან საუბრისას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი