საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი შიომღვიმის მონასტერს ეწვია, სოფელ თელიანში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა


პრემიერ მინისტრის შიომღვიმის მონასტერში ვიზიტი2008 წლის 23 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი გიორგობის დღესასწაულს შიომღვიმის მონასტერში დაესწრო. მან დაათვალიერა რეაბილიტირებული ძეგლი და აღნიშნა, რომ მემკვიდრეობის დაცვისათვის მომავალშიც ბიუჯეტიდან სოლიდური დაფინანსება გამოიყოფა.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ადგილია ჩემთვის. სკოლის ბოლო წლები ჩემს მეგობრებთან ერთად აქ მაქვს გატარებული. ვერ წარმოვიდგენდი, რომ შიო მღვიმეში ასეთი სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი იყო," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შიომღვიმის მონასტრის შემდეგ გრიგოლ მგალობლიშვილი სოფელ თელიანში ომის დროს დაზარალებული დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს პირადად გაეცნო. პრემიერ-მინისტრი მათ უახლოეს მომავალში პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა. რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას თელიანში 54 სახლი გადაეცათ. 34 ოჯახი სახლებში უკვე ცხოვრობს, ხოლო დანარჩენები 2 დღეში შესახლდებიან. პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები დაზარალებულ მოსახლეობას სახლებში დაახვედრეს.

გრიგოლ მგალობლიშვილის თქმით, მთავარი საკითხი არის ადაპტაცია და გარემოსთან შეგუება. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დევნილების დახმარება ''არ არის მარტო ის, რაც სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს, ეს არის ის, რაც მთელმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს. ამ ხალხს სჭირდება თანადგომა.''

"სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, აშენებს სახლებს, ქმნის პირველად პირობებს მათ მოსაწყობად. მაგრამ ამ ხალხს სჭირდება თანადგომა, ქვეყანას სჭირდება ერთიანობა. მინდა ყველას გადაუხადო მადლობა, იმისათვის, რასაც ისინი ცალკეულ ჯგუფებად აკეთებენ ამ დასახლებებში," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი