საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

გარდაბნის თბოელექტროსადგურის გახსნის ცერემონია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-22

   

დარწმუნებული ვარ, რომ გარდაბნის თბოელექტროსადგური დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, იგი იქნება სერიოზული დასაყრდენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ახალი თბოელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაფინანსებით, საქართველოში უახლესი ტურბინებით აღჭურვილი პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური გაიხსნა. გარდაბნის თბოელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკის განვითარებისა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ინოვაციური პროექტის განხორციელება მიულოცა.

„დღეს ჩვენ ვხსნით საქართველოში პირველ კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს, - ეს არის 230-მილიონიანი პროექტი, რომელიც აშენდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით. მისი სიმძლავრე 237 მეგავატია და იგი ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამ თბოელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი თითქმის ორჯერ უფრო მაღალი და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა თბოელექტროსადგურებისა," - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, სადგურის მშენებლობა გასული წლის იანვარში დაიწყო და იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე სამი თვით ადრე დასრულდა. გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტია დადგმული სიმძლავრეც.

პრემიერ-მინისტრმა პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა თბოელექტროსადგურის მშენებელ კომპანიას - უმსხვილეს თურქულ კომპანია „ჩალიკ ენერჯის". გარდაბნის თბოელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური