საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-02-01

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 31 იანვარს, პრაღაში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივნის, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს უსაფრთხოებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში მიმდინარე შემაშფოთებელ პროცესებზე. კერძოდ, საუბარი შეეხო ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთახმების რატიფიცირებას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ. ასევე, რუსეთის მხარის ყურადღება გამახვილდა ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პუნქტის უკანონო გახსნის ფაქტზე.

ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხების განხილვის უმთავრესი ფორმატის მნიშვნელობას.
პრაღის შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა 2017 წელს სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია. ასეთივე დინამიკა ფიქსირდება სატრანსპორტო მიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში. შედგა საუბარი 2018 წლის პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით კონკრეტული პრობლემების მოგვარების გზებზე.
შეხვედრისას, განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები.

ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 2011 წლის შეთანხმების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მისი პრინციპებისა და დებულებების სრული პატივისცემით, ყოველგვარი ინტერპრეტაციებისა და პოლიტიზების გარეშე. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს რუსეთში ოფიციალურ დონეზე გაკეთდა განცხადებები, რომლებიც ცალსახად ეწინააღმდეგება აღნიშნული შეთანხმების პრინციპებსა და არსს.
პრაღაში აღნიშნულ საკითხზე საუბრისას გამოიკვეთა პოზიციათა სერიოზული სხვაობა. დადასტურდა, რომ რუსეთის მხარე ყოვლად მიუღებელ ინტერპრეტაციას უკეთებს შეთანხმების რიგ არსებით დებულებას, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამის იმპლემენტაციას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხი.
პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.