საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის განცხადებები მთავრობის სხდომაზე
2024-03-11 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა მიხეილ სარჯველაძე, რომელსაც წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. დიდი ხანია, ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ღირსეული წევრი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც წლების მანძილზე თბილისის საკრებულოს წევრი და იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო. „ის არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტი. მინდა, ბატონ ლევანსაც ვუსურვო წარმატებები. ნიკა ტყემალაძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ის არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი. მნიშვნელოვანია იმ სამუშაოების, მომსახურების ხარისხი, რომელიც ხორციელდება რეგიონებში. ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება მართებს დეპარტამენტს და დარწმუნებული ვარ, ბატონი ნიკა იქნება ამ დეპარტამენტის საუკეთესო ხელმძღვანელი", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ზურაბ აბაშიძეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. „ბატონმა ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. მოგეხსენებათ, ის წლების მანძილზე იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა ამ საქმეს დიდი წარმატებით. ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მისი ძალისხმევით, მონაწილეობით, ჩართულობით. მინდა, მას მადლობა გადავუხადო მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე. ბატონი ზურაბ აბაშიძე დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. მადლობა მინდა ვუთხრა მას, რომ დათანხმდა ჩემს შეთავაზებას ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ამ თანამდებობას დაიკავებს გიორგი ქაჯაია, რომელიც წლების მანძილზე იყო შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი, დღეიდან ის იქნება უკვე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში", - განაცხადა პრემიერმა. დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაური გამოეხმაურა უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული ყოფილი იუსტიციის მინისტრისა და გენპროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტებს და აღნიშნა, რომ ეს შეშფოთებას იწვევს. მისივე თქმით, ამ ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, რომელმაც ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებთან შეხვედრები გამართა. „ჩვენთვის შემაშფოთებელია ეს ვიზიტები და კიდევ ერთხელ მინდა ამასთან დაკავშირებით ჩემი პირადი პოზიცია გამოვხატო. ყველამ ვიცით, ვინ არის, ვინ იყო ზურაბ ადეიშვილი. ის იყო რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, შემოქმედი, ამ რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერი. ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა იმ რეჟიმმა. საუბარია ათიათასობით ადამიანზე. გარდა ამისა, ზურაბ ადეიშვილი არის მსჯავრდებული რამდენიმე კონკრეტულ საქმეზე და დამატებით - ბრალდებული ორ საქმეზე. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაულები, მაგალითად, ერთ-ერთი კომერციული ობიექტის, ღვინის ქარხნის, მიტაცების, უკანონოდ ჩამორთმევის საქმე. დამეთანხმებით, ეს არ არის მარტივი დანაშაული. ეს არის ერთ-ერთი ტელეკომპანიის „იბერია" ხელში ჩაგდების საქმე, მედიის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული; კობა დავითაშვილის გატაცებისა და მასზე სასტიკი ძალადობის საქმე, რაშიც პირდაპირ იყო ჩართული ზურაბ ადეიშვილი; პატიმრების წამების საქმე, რომელზეც მას აქვს შეფარდებული მსჯავრი და ეს არის „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმე. უმძიმეს დანაშაულებზეა საუბარი და როდესაც ასეთი ადამიანი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირში, ეს ღრმად შემაშფოთებელია თითოეული ჩვენგანისთვის. ასევე ბრალი აქვს წაყენებული ზურაბ ადეიშვილს 7 ნოემბრის ძალადობისა და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეზე. ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები. როდესაც ასეთ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული, მსჯავრდებული პირი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში, არის შემაშფოთებელი და არ შეიძლებოდა, ჩვენ ეს ფაქტი დაგვეტოვებინა რეაგირების გარეშე. ასეთი ფაქტები ძირს უთხრის ქართული საზოგადოების აღქმას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ისეთი ფასეულობების ერთგული, როგორიც არის, პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. გარდა ამისა, არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც დამნაშავეები, ძებნილები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის ფარგლებში და ეს ადამიანები დღესაც არიან ეჭვმიტანილები კონკრეტულ ქმედებებში, რომელიც მიმართულია ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა უკრაინის თემაზეც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა იმედს იტოვებს, რომ საბოლოოდ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ ვიკავებდით თავს კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან, უკრაინა არის ომის მდგომარეობაში და, რა თქმა უნდა, ეს იყო ამის მთავარი მიზეზი, - აღნიშნა პრემიერმა, თუმცა მისივე თქმით, გარკვეულ მოვლენებზე რეაგირება აუცილებელია. „ჩვენ ყველა შემთხვევაში გავაგრძელებთ იმ რეჟიმში მოქმედებას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს, იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს, უკრაინის სახელმწიფოს და იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ის ელჩი, რომელსაც კიევი არ დაუტოვებია პირველივე დღეებიდან, როდესაც დაიწყო ომი. „მაშინ არაერთმა დიპლომატმა, მათ შორის, ევროპული ქვეყნების და ამერიკელმა დიპლომატებმა დატოვეს კიევი უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაც გასაგებია, მაგრამ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩმა პირველივე დღეებიდან პრინციპულად არ დატოვა კიევი და იმ დღეებიდან მოყოლებული უწყვეტად იმყოფებოდა უკრაინაში, მათ შორის, დახმარებას უწევდა უკრაინელებს, იქნებოდა ეს ჰუმანიტარული თუ პოლიტიკური საკითხები, მთლიანად იყო ჩართული ამ საკითხების მოგვარებაში. ასეთი ადამიანი, როდესაც იძულების წესით ტოვებს უკრაინას ყალბი საბაბით, საბაბს შეგახსენებთ, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნა. ეს იყო ოფიციალური საბაბი, რომელიც მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ დაასახელა. დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ ყალბი, არამედ ღიმილის მომგვრელიც არის ის საბაბი, რომელზეც იყო მაშინ ყურადღება გამახვილებული. ასევე განცხადება გავრცელდა ზუსტად იმ დროს, როდესაც დაატოვებინეს უკრაინა ჩვენს ელჩს იმის თაობაზე, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით, ვციტირებ, „კლავდა მიხეილ სააკაშვილს". ეს არის შეგნებული ნაბიჯი, რომელიც თითქოს მიზნად ისახავს ისტორიული მეგობრობისთვის ჩრდილის მიყენებას ორ ხალხს შორის, რაც აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელია. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ნაბიჯები აბსოლუტურად გაუგებარია. „იმედს ვიტოვებთ, რომ საბოლოოდ უკრაინის ხელისუფლება მაინც გადახედავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, იმედი გვაქვს, რომ გადმოგვცემენ დამნაშავეებს, უმძიმეს დანაშაულებში მხილებულ პირებს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ არავითარი პრობლემა არ შეექმნას იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქვეყნებს შორის. როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები ვერ შეუქმნის ვერავითარ საფრთხეს იმ მეგობრობას, რომელსაც აქვს მყარი ისტორიული საფუძველი, ვსაუბრობ მეგობრობაზე ქვეყნებსა და ხალხებს შორის. ამას აქვს იმდენად მყარი ისტორიული საფუძველი, რომ ვერცერთი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება ამას საფუძველს ვერ შეურყევს, თუმცა მათი გადაწყვეტილებებიც თავისთავად, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. დღესვე პრემიერ-მინისტრმა ძალოვან უწყებებს მიმართა, რომ ქვეყანაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი ბრძოლისთვის ერთიანი, განახლებული გეგმა შემუშავდეს. ნარკოპოლიტიკა არის საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაზეც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებიც ხშირად საუბრობენ. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, იმისთვის, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა გასული პერიოდის განმავლობაში, მოხდა რეალიზატორების, ქსელების იდენტიფიცირება, თუმცა კიდევ უფრო მეტია საჭირო გამომდინარე იქიდან, რომ კვლავაც სახეზეა ნარკოტიკების რეალიზაციის, მოხმარების ფაქტები, - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაური დღევანდელ სხდომაზე ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ უნდა შემუშავდეს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელთა საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები ამასთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. „რამდენიმე ადამიანმა მომმართა ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხზე. იყო კონკრეტული საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ რეგიონებში, ხეობებში იჭრებოდა ტყეები. მე არ მაქვს ფაქტები და მტკიცებულებები, ვერ ვიტყვი ვერაფერს იმაზე, რამდენად არის ეს ფაქტები ნამდვილი, თუმცა ყველა შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება იმისათვის, რომ მოხდეს ასეთი შესაძლო დანაშაულის პრევენცია. ბატონი ოთარ შამუგია დღეს არ ესწრება მთავრობის სხდომას, არის შვებულებაში და მასთან გვექნება მოგვიანებით კომუნიკაცია ამ საკითხზე. მინდა, რომ სამინისტრომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს, ასევე - ძალოვანმა უწყებებმა, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ძალიან მძიმე დანაშაულია, ზოგადად, ხე-ტყის უკანონო ჭრა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მის დიდი ოდენობით ჭრას. სხვა მძიმე დანაშაულებს რომ შევადაროთ, ეს არანაკლებ მძიმე დანაშაულია, გამომდინარე იქიდან, რომ ნადგურდება სტრატეგიული რესურსი ჩვენი მომავალი თაობებისა და მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე, აქაც გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება და სიმკაცრე, მათ შორის, მე ვფიქრობ, რომ უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით და ამ კანონპროექტზე დავიწყებთ დაუყოვნებლივ მუშაობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც დღეს ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირება იყო. მისი თქმით, სისტემის მაქსიმალური ეფექტიანობისთვის სტუდენტებსა და ახალგაზრდებთან ფართო კონსულტაციები დაიწყება. უახლოეს დღეებში დავიწყებთ ფართო კონსულტაციებს სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან, რომ სტუდენტების, კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირების კონცეფციას მივცეთ საბოლოო სახე და სისტემამ მაქსიმალურად ეფექტიანად იმოქმედოს, - განაცხადა პრემიერმა სხდომაზე. მთავრობის მეთაურმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გიორგი ამილახვარს პირველადი კონცეფციის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი მიზანია, შემოდგომიდან უკვე ავამოქმედოთ ეს სისტემა. მინიმუმ რამდენიმე ათას სტუდენტს უნდა მიეცეს რამდენიმეთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება საჯარო და კერძო სტრუქტურებში თანამშრომლობის საფუძველზე. გვინდა, მაქსიმალურად გამართული იყოს ეს სისტემა. პირველი წელი იქნება საპილოტე და ვიზრუნებთ ამ სისტემის შემდგომ გაუმჯობესებაზე. იმისთვის, რომ პირველივე წელს ეს სისტემა იყოს ეფექტიანი, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების და სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა, რომ ერთად მივცეთ მას საბოლოო სახე", - აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|